ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით მარკეტინგის მენეჯმენტში ტრენინგ-კურსი გაიმართა.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა ინდუსტრიული მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, კომპანია "Nestle"-ს რეგიონული გაყიდვების ყოფილი მენეჯერი, სხვადასხვა კომპანიის მრჩეველი და ლექტორი ბაჰმან მოგიმი.
"დღევანდელი დღის მთავარი მიზანია, სტუდენტებს არაფორმალურ პირობებში ვასწავლო მარკეტინგის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი; ავუმაღლო მათ ცნობიერება, თუ როგორ შექმნან ბიზნესი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეთ საქმის, თანამშრომლების, მომხმარებლისა და საზოგადოების მიმართ. მე ვიყავი ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუ შევადარებთ, ქართველები მხიარული განწყობითა და მოტივაციით გამოირჩევიან. თბილისი ევროპული ქალაქია საქართველოს მეზობელი ქვეყნების ქალაქებთან შედარებით. მე დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ თანამშრომლობას სხვა სტუდენტებთანაც. ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება ჩემთვის" - განაცხადა ბაჰმან მოგიმმა.
ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დისკუსიის ძირითად თემას, როგორც ბაჰმან მოგიმმა აღნიშნა, მარკეტინგი და მენეჯმენტი წარმოადგენდა. ტრენინგზე განიხილეს, თუ რატომ აწყდებიან კომპანიები საკუთარ თანამშრომლებსა და განსაკუთრებით მომხმარებლებთან სირთულეებს; რა კავშირშია ერთმანეთთან კრეატივი და ინოვაცია მარკეტინგში; როგორ შევქმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესმოდელი და რა არის აუცილებელი მომხმარებელზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად.
"თქვენ უნდა განსაზღვროთ და წარმოიდგინოთ მომავალი, განსაზღვროთ მომავლის თქვენეული ხედვა და დაუკავშიროთ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, ხშირად უარი თქვათ პარადიგმებზე, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ პარადიგმების მსოფლიოში, სადაც ათასობით წესი განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ კლასების მიხედვითაა დაყოფილი. დღეს ფული განსაზღვრავს ცხოვრებას და, შესაბამისად, მდიდრები მეტი შესაძლებლობით გამოირჩევიან. ეს არის პარადიგმა, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ახლოსაა რეალობასთან. ბიზნესის წარმოებაც ცხოვრების დაგეგმვას ჰგავს, რომელიც ან გაამართლებს, ან - არა" - აღნიშნა მომხსენებელმა ტრენინგის მსვლელობის დროს.
პროფესორმა მოგამმა სტუდენტებს ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაუზიარა. მარკეტინგული რჩევებიც ახალგაზრდებს სწორედ თავის სამსახურეობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით მისცა.
"დღევადელი დღე სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ ცნობიერება მარკეტინგის შესახებ; მიიღონ ახალი უნარ-ჩვევები, რაც მნიშვნელოვანია მათი მომავალი კარიერისთვის. მე ამ ტრენინგისთვის სამოტივაციო წერილისა და გამოცდილების საფუძველზე შემარჩიეს. ჩემი ინტერესის სფეროც მარკეტინგი და ბიზნესია" - გვითხრა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების მე-2 კურსის სტუდენტმა შოთა ზაქარიძემ.
ტრენინგი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ორგანიზატორებისთვის.
"ბატონი ბაჰმანი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მას აქვს დიდი გამოცდილება მარკეტინგის დარგში. ჩემთვის დიდი პატივია მისი ტრენინგის ორგანიზება. ვფიქრობ, ღონისძიება დასამახსოვრებელი იქნება ბიზნესით დაინტერესებული აქ მყოფი ახალგაზრდებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შეგვერჩია მხოლოდ 30 სტუდენტი. გეტყვით, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება" - აღნიშნა ილიაუნის თვითმმართველობის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ცინარიძემ.
ღონისძიების მეორე ნაწილი მომავალ შაბათს, 18 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.