100-მდე ისტორია ერთ წიგნში
13 ოქტომბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის ,,ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში თავმოყრილია 1956 წლის 9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ ინფორმაცია, მნიშვნელოვანი დოკუმენტური და საარქივო მასალები, ასევე იური მეჩითოვისა და ბადრი ვადაჭკორიას დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტომასალები.

პროექტის "საქართველოს მეხსიერების ბანკი" მონაწილეები უშუალოდ ამ წიგნზე ერთი წელია რაც მუშაობენ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" დახმარებით.
წიგნში გაერთიანებულია 100-მდე ადამიანის მოგონებები აღნიშნულ 3 მოვლენაზე.

პროექტის ორგანიზატორისა და წიგნის ერთ-ერთი ავტორის ანა ბაქანიძის თქმით, ეს წიგნი ძალიან კარგი საშუალებაა ისტორიის მკლევარებისთვის, რომ მათ გამოიყენონ უკვე ფაქტობრივი მონაცემები საკუთარი კვლევების საწარმოებლად.

"პროექტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და მასში მონაწილეთა ზეპირი ისტორიების თავმოყრას ისახავს მიზნად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში განვითარებული 1956 წლის 9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ 100-მდე ისტორიაა ერთ წიგნში თავმოყრილი. რაც მთავარია, ძალიან კარგი საშუალებაა ისტორიის მკლევარებისთვის, რომ მათ გამოიყენონ უკვე ფაქტობრივი მონაცემები საკუთარი კვლევების საწარმოებლად. წიგნში წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალები 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე იური მეჩითოვისა და ბადრი ვადაჭკორიას დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები"- განმარტა პროექტის ხემძღვანელმა ანა ბაქანიძემ.

პროექტი, ახალგაზრდული ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა განახორციელეს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით, რომელიც 1 წლის განმავლობაში აფინანსებდა და ხელს უწყობდა ახალგაზრდების აქტივობებს.

"პროექტი ,,ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში"" მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფონდისთვის, რადგან ზოგადად ახალგაზრდული მოძრაობები ყოველთვის გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კერძოდ კი, უახლოეს ისტორიაში. 3000 დოლარი დაიხარჯა დოკუმენტური ფილმის მომზადებასა და წიგნების გამოცემაში. თვითონ ორგანიზაციამ დაამატა გარკვეული სახსრები, რომ სრულყოფილად დასრულებულიყო პროექტი. "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" უკვე 4 წელია მუშაობს ახალგაზრდული მიმართულებით, როგორც ახალგაზრდობის სამოქალაქო გაძლიერებაზე, მათთვის მცირე გრანტების გამოყოფაზე, ტრეინინგებზე და ასევე, გამოცდილების გაზიარებაზე"- განაცხადა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" წარმომადგენელმა ნინო კიკნაველიძემ.

1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილისა და თვითმხილველის თეიმურაზ გვანცელაძის თქმით, მისი მონაყოლი საზოგადოების უმარავლესობამ არ იცის.

"ეს გამოცემა ძლიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ის რაც ახალგაზრდებმა გააკეთეს, რომ თავი მოუყარეს ამ ამბების მონაწილე და თვითმხილველი ადამიანების მონაყოლს, ეს უკვე ისტორიის წყაროა. მადლიერი ვარ ახალგაზრდების, რომლებმაც ასეთი კარგი ინიციატივა გამოიჩინეს"- განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

წიგნის პრეზენტაციასთან ერთად დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა, სადაც ასახული იყო ის მასალები, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მოიძიეს. ფილმში გამოყენებული იყო ინტერვიუები, რომლებიც წიგნისთვის ჩაიწერა.

ამასთან, პრეზენტაციაზე ვებგვერდიც წარადგინეს, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ისტორიები ატვირთონ და უახლესი ისტორიის მთხრობელები გახდნენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary