ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში", პროექტის "გენდერული განსხვავებები და თანასწორობა" ფარგლებში, ფსიქოლოგიის დოქტორთან რუსუდან მირცხულავასთან შეხვედრა გაიმართა. ლექციაზე განსახილველი თემა ,,აგრესია" იყო.
რუსუდან მირცხულავამ ისაუბრა სხვადასხვა სახის აგრესიაზე, რომელიც საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. ფსიქოლოგიის დოქტორი, ასევე, შეეხო მასმედიას, როგორც ვერთერის სინდრომის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს:
,, აგრესიას ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ფაქტორები იწვევს, მათ შორის, ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი ამბები. აგრესიის სხვადასხვა სახე არსებობს, ერთ-ერთია ვერთერის სინდრომი, როდესაც აგრესია გადამდები ხდება. ადრე ,,გადამდებლის" ფუნქციას ლიტერატურა ასრულებდა, დღეს ეს როლი პრესამ იტვირთა. ხშირად მკვლელობების გაშუქება იწვევს მკვლელობათა რიცხვის ზრდას. მასმედია საზოგადოების ანარეკლია, თუ მედია აშუქებს აგრესიას, ეს მოდის საზოგადოებისაგან,რომელიც მოწოდებულია მოისმინოს აგრესიული ინფორმაცია".
ლექცია-შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ესწრებოდა.
,,როდესაც გავიგე ამ ლექციის შესახებ, მაშინვე გადავწყვიტე დასწრება. ვფიქრობ, თემა ,,აგრესია" ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ამ ბოლო პერიოდში, რადგან საკმაოდ ბევრ მაგალითს ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ტელევიზიაც ბევრ ასეთ ფაქტს აშუქებს. საკმაოდ ინფორმაციული იყო ლექცია და ბევრი რამ გავიგე აგრესიის გამომწვევი ფაქტორების შესახებ"- აღნიშნა ქეთი უგულავამ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, ქალბატონმა რუსუდანმა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს უპასუხა.