თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ლექცია/სემინარი გაიმართა.
შეხვედრის თემა სტუდენტთა უფლებები იყო და ის სტუდენტთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა.
ლექციას იურისტი ლევან ჟორჟოლიანი გაუძღვა, რომელმაც უნივერსიტეტის როლზე, უფლებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე ისაუბრა: ,, უნივერსიტეტი არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც შეგიძლია ისაუბრო ნებისმიერ თემაზე და გამოთქვა საკუთარი აზრი. ყველა აზრს აქვს უფლება იარსებოს. სტუდენტს საკუთარი შეხედულების გამოთქმის საშუალებას უნივერსიტეტი უნდა აძლევდეს".
ლექცია/სემინარს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ: ,, შეხვედრის თემა საინტერესო იყო, ამიტომ გადავწყვიტე დავსწრებოდი. ვფიქრობ, სტუდენტები ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ ჩვენს უფლება-მოვალეობებს. ლექციამ საშუალება მოგვცა ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგვქმნოდა ჩვენს უფლებებზე"- აღნიშნა ანა გოგალაძემ.
ლექციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ამ პროექტის ჩატარების მთავარი მიზანი იყო ის, რომ სტუდენტებმა გაიზარონ თავიანთი უფლება-მოვალეობები: ,,ჩვენ გვინდა, სტუდენტებმა გაიგონ, თუ რა ძალას წარმოადგენენ. ხშირად ჰგონიათ, რომ ისევ ის უფლება-მოვალეობები აქვთ, რაც სკოლაში სწავლისას ჰქონდათ. ამ ლექციით გვინდა, სტუდენტებს საკუთრი ძალა დავანახოთ"-აღნიშნა ბარბარე შვანგირაძემ, სტუდენტების უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ლექციის დასასრულს ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულები კინოთეატრ რუსთაველისა და რუსთაველის თეატრის ბილეთებით დასაჩუქრდნენ.