საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა "უნივერსი" პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის ტექნოლოგიით დამუშავებულ კერამიკულ, მინისა და მინანქრის ნიმუშების გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც საეკლესიო ნამუშევრები, ისე საერო შინაარსის ნიმუშები. პროექტის მიზანია, დააინტერესოს ახალგაზრდობა ამ საქმიანობით და პოპულარიზაცია გაუწიოს მის განვითარებას.
"ალავერდის ეპარქიაში შენდება დიდი ორსართულიანი ქარხანა, სადაც პირველ სართულზე დამზადდება ღვინისთვის განკუთვნილი ორ-სამტონიანი ქვევრები. მეორე სართულზე კი სხვადასხვა ფერის მინანქრისა და პიგმენტების წარმოება იქნება, რომელსაც გამოიყენებენ საეკლესიო და საერო ფერწერაში" - განაცხადა გურამ გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, ალავერდის ეპარქიაში გამოშვებული პიგმენტები ჩაანაცვლებს საზღვარგარეთიდან შემოსულ პიგმენტებს.
გურამ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმდება 70-მდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტები. პროექტი მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
"კაზრეთში არსებობს ოქროს საბადო, საიდანაც იღებენ თხევად ოქროს, ის 15-ჯერ ძვირია ჩვეულებრივ ოქროზე. დაიწყება თხევადი ოქროს წარმოება, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის მწირ ბიუჯეტს გაზრდაში" - აღნიშნა პროფესორმა.