ქართული მაზანდარანი
17 დეკემბერი, 2014
ქართული მაზანდარანი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4D ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტის "მაზანდარანელი ქართველები" ფარგლებში გაისნა გამოფენა "ქართული მაზანდარანი".

ფოტოგამოფენა ასახავს ირანში გადასახლებული ქართველების ისტორიას, მათ დღევანდელ ყოფა-ცხოვრებას, წარმოაჩენს მათი კულტურის სხვადასხვა ასპექტს: ტრადიციული სახლის დეტალებს, ინტერიერს, მუსიკალურ საკრავებს, პეიზაჟებს, კონკრეტულად კი სოფელ გორჯიმაჰალის ისტორიას.

ფოტომასალა მომზადებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ ნიკოლოზ ნახუცრიშვილის მიერ, რომელიც პროფესორ გიორგი სანიკიძესთან ერთად ერთკვირიან მივლინებაში იმყოფებოდა მაზანდარანში. 

როგორც ნიკოლოზ ნახუცრიშვილმა აღნიშნა: "13 წელი ვცხოვრობდი ირანში, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესის შესწავლაც დიდი ხანია დავიწყე, ისინი არიან მატერიალურად უზრუნველყოფილნი, უყვართ მუსიკა და აქვთ საინტერესო კულტურა, ისინი არ საუბრობენ ქართულად, მაგრამ იციან ისტორია, რომელიც მათი წინაპრების გადასახლებას უკავშირდება". 

ეთნომუსიკოლოგ თამაზ გაბისონიას თქმით: "მუსიკა ხშირად ენაზე უკეთ გადმოსცემს დაკარგულ, მივიწყებულ ისტორიას, დაინტერესებული ვარ მაზანდარანელ მუსიკოსებთან თანამშრომლობით და მზად ვარ, ბატონ ნიკოლოზთან ერთად შევქმნა ერთობლივი მუსიკალური პროექტი".

"ხშირად დავდივარ ფოტოგამოფენებზე და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც შინაარსობრივდ,  ასევე ვიზუალური მხარით, მიმაჩნია, რომ მსგავსი საინტერესო ღონისძიებები ხშირად უნდა ეწყობოდეს, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ირანში მცხოვრები თანამემამულეების შესახებ" - აღნიშნა დამთვალიერებელმა ნინო მარჯანიშვილმა. 

გამოფენას ესწრებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურული განყოფილების ხელმძღვანელი მოჯთიბა ქამრანფარდი. 

საელჩოს წარმომადგენლის, სოფო გაბუნიას თქმით, "ეს გამოფენა არის ახალი სიტყვა, რადგან ბევრი გვსმენია ისპაჰანის პროვინციაში ე.წ ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ცხოვრების წესის შესახებ, ხოლო მაზანდარანი, ხუზესტანი, ეს რეგიონები მეტ ყურადღებას საჭიროებს და საინტერესოა ჩემთვის, როგორც ქართველი დამთვალიერებლისთვის". 

გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary