26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეხვედრა-დისკუსია გამართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეხვედრა საია-ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ გახსნა. მისი თქმით, წამება და არაადამიანური მოპყრობა საქართველოსთვის სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა და ეს ფაქტი მთელი საზოგადოების სირცხვილი გახდა.
შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში ბესო ბოხაშვილი, პროკურორი რევაზ თოფურია და მწერალი ლაშა ბუღაძე.
მომხსენებლებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც წამების აკრძალვას ეხება. განიხილეს საერთაშორისო პრაქტიკის პრეცენდენტები და საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებეში არსებული ამჟამინდელი სურათი გააცნეს დამსწრეებს.
ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა აღნიშნა - ,,უნდა მოხდეს სათანადო გამოძიება, დაიდოს გამოძიების შედეგები. სწორედ ამ მიზნით უნდა შენარჩუნდეს ეს კადრები. ამ კადრების სხვა ჩვენება უკვე ზედმეტია".
შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი პატიმარი ცოტნე გამსახურდია. მან საკუთარ მაგალითზე ისაუბრა და პროკურატურის წარმომადგენელთან შევიდა დისკუსიაში. გამსახურდიას თქმით, გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს.
ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას განაცხადა: ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნებოდა, მაგრამ აღინიშნებოდა იმ ვითარებაში, როცა იმალებოდა წამების ფაქტები. დღეს აქტიურად ვსაუბრობთ ამ ფაქტებზე, რადგან ეს ინფორმაცია საჯარო გახდა. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს კადრები, სათანადო დასკვნები დადოს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მსხვერპლებს კი უნდა დავეხმაროთ. საზოგადოებამ კადრები არ უნდა ნახოს, რადგან ეს მსხვერპლთა უფლებების დარღვევაა. როცა გამოძიება დასრულდება, მსხვერპლთა კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რას მოუყვებიან საზოგადოებას. სამწუხაროდ, შეხვედრაზე ბევრი ადამიანი არ მოვიდა. არადა, ეს შეხვედრა იმისთვის იყო, რომ ერთად გვეაზროვნა, მოგვეფიქრებინა, როგორ დავეხმაროთ მსხვერპლებს და მომავალში რა გავაკეთოთ ამის პრევენციისთვის".
შეხვედრას თსუ-ს სტუდენტებიც ესწრებოდნენ. იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა გვანცა გაგნიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა - ,,პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უნდა განადგურდეს. რაც შეეხება წამების ამსახველ კადრებს, მათი განადგურება დაუშვებელია მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება. მთავარია, რომ გამოძიება იყოს ობიექტური და გამჭვირვალე. ადამიანის უფლებების შელახვა, წამება და არაჰუმანური მოპყრობა სამართლის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სასურველი იქნებოდა, რომ მეტი სტუდენტი დასწრებოდა დღვენდელ შეხვედრას".