თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატალია კუციას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიება სახელწოდებით - "ქალური საწყისი" არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური ლიგის" ინიციატივით გაიმართა. აქ წარმოდგენილი 30–მდე ფერწერული ნამუშევარი ქალთა ძალადობის ფაქტებს ეხმიანება. "ქალი უნდა იყოს დაცული საყვარელი ადამიანის მიერ" – ეს არის ავტორის მთავარი გზავნილი.
"გამოფენა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში გახშირებულ მკვლელობებზე. განსაკუთრებით, ილიაუნიში მომხდარმა მკვლელობამ აღმიძრა შიში. ამიტომ მომინდა, რომ ასე გამოვხმაურებოდი ამ ფაქტს" – აღნიშნა მხატვარმა ნატალია კუციამ.
როგორც ორგანიზატორმა ნოდარ თოთაძემ განაცხადა, გამოფენის თემად წლის ყველაზე აქტუალური პრობლემა შეარჩიეს: "გამოფენის იდეა მისი ნამუშევრების ნახვისთანავე დაგვებადა".
"ძალიან მომეწონა ნახატები. გამოყენებულია საოცარი ფერები, რომლებიც ექსპრესიულობას მატებას მათ" – გვითხრა თსუ–ს სტუდენტმა ნინო სანდუხაძემ.
გამოფენა "ქალური საწყისი" 23 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.