"თანამიმდევრული და შემართული ძალისხმევით თქვენ ნამდვილად მიაღწევთ დანიშნულების ადგილს და შეხვალთ ნატოს გახსნილ კარში" - ამ სიტყვებით მიმართა ანდერს ფოგ რასმუსენმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მყოფ სტუდენტებს შეხვედრისას.
"მინდა გავიხედო მომავალში, ძალზე მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებს ვხედავ. მათ გააჩნიათ ყველა უფლება, რომ ელოდებოდნენ აყვავებულ და ნათელ მომავალს" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ის გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო, მიულოცა ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილის ღვაწლს გაუსვა ხაზი, რადგან მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს უფრო მეტი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში, ვიდრე სხვა ნებისმერ ნატოს პარტნიორ ქვეყანას. ისინი წარმოაჩენენ გამბედაობის, ვაჟაცობისა და შემართებულობის მაგალითებს და მწუხარება გამოთქვა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჯარისკაცები იქ ნატოში შესასვლელი საშვის ხელში ჩაგდების საშუალებას კი არ წარმოადგენენ, არამედ ისინი საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურებიან. უერთდებიან საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს, აღმოიფხვრას ექსტრემიზმი და ტერორიზმი, რომლებიც ავღანეთიდან მოედინება მთელი მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი რეგიონის მიმართულებით. "საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ნატოს წევრობის მოთხოვნები უნდა იყოს დაკმაყოფილებული" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, 17 მაისს თბილისის ქუჩებში დატრიალებულმა ძალადობამ კიდევ ერთხელ ათქმევინა, რომ რომ ამას დემოკრატიულ სახელმწიფოში ადგილი არ აქვს. მშვიდობიანი თავყრილობის უფლება დემოკრატიის ფუნდამენტალური ნაწილია. ნატო იცავს ადამიანთა უფლებებს უმცირესობების უფლებების ჩათვლით.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმს აპატურაი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ.