აქცია "მე ვარ სანტა კლაუსი", რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა გაერთიანდა, დღეს გაიმართა.
მისი მიზანი იყო დაუცველი ბავშვებისთვის საჩუქრების შეგროვება და ახალი წლის წინა დღეების გალამაზება. იდეა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ ახალკაცს ეკუთვნის, რომელმაც ეს ინიციატივა ჯერ მეგობრებს გაანდო, შემდეგ სოციალურ ქსელში შექმნა ღონისძიება სახელწოდებით - "მე ვარ სანტა კლაუსი", მან ბანკში სპეციალური ანგარიშიც გახსნა. თსუ-ს სტუდენტებს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ პატარებისთვის საჩუქრები და სხვადასხვა საჭირო ნივთი შეაგროვეს.
"დღეს სანტები ვეწვიეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მათ ბავშვებს. ჩვენ მივუტანეთ საჩუქრები. მე პოზიტიურად შევაფასებდი ამ ღონისძიებას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გავახარეთ, ვისურვებდი, რომ კიდევ ჩატარდეს მსგავსი აქცია" - გვითხრა ორგანიზატორმა.
ქეთი ბაბუციძე ბავშვებს სანტას ფორმით ეწვია: "წინა საახალწლოდ თსუ-ს სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით იმ ბავშვებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და ყველაზე ნაკლებად გრძნობენ ახალი წლის მოსვლას. ყველამ ერთად შევძელით, შეგვეგროვებინა საჩუქრები და გაგვეხარებინა ეს ბავშვები".