საქველმოქმედო საღამო – „შარდენი 2014“
28 დეკემბერი, 2014
შარდენის ქუჩაზე საქველმოქმედო აქცია–კონცერტი გაიმართა.

საღამოს, რომელსაც მუსიკალურად ახალგაზრდა მომღერლები აფორმებდნენ, 100–მდე ადამიანი ესწრებოდა. შედგა ხელნაკეთი ნივთების, ნახატების გამოფენა–გაყიდვა. მხიარულ განწყობაზე ზრუნავდა სახელმწიფო პანტომიმის თეატრიც. აქცია სტუდენტებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა. მისი მიზანი ბავშვთა სახლის მატერიალური დახმარება იყო. 

"ყოველ წელს ვიღებ მონაწილეობას ამ აქციაში. მხოლოდ ერთ წელს ვერ მივიღე. ისიც იმიტომ, რომ საქართველოში არ ვიყავი. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვები და მათი პრობლემები. ამიტომ, როცა საქმე ეხება ბავშვების დახმარებას, მე ყოველთვის მზად ვარ დავდგე იმ ადამიანების გვერდით, ვინც აკეთებს კეთილ საქმეს" – აღნიშნა კონცერტის მონაწილემ მებო ნუცუბიძემ.

"ჩემთვის დეკემბერი ახალ წელთან ერთად შარდენის საქველმოქმედო აქციასთან ასოცირდება. უკვე მე-5 წელია მასში აქტიურად ვარ ჩართული და ეს დიდი პატივია. ყოველწლიურად ვეხმარებით სხვადასხვა ბავშვთა სახლს. წელს მათ რიცხვში "ჩემი სახლის" აღსაზრდელები აღმოჩნდნენ. აქციის ფარგლებში დღეს უკვე გაიმართა საქველმოქმედო თამაში "რა? სად? როდის?", სადაც მონაწილეობდნენ პროფესიონალი მოთამაშეები. საკმაოდ სოლიდური თანხაც შემოვიდა" - განაცხადა ორგანიზატორმა ვალერიან ჩანჩიბაძემ.

"აქ გასართობად მოვედი. გარდა ამისა, შევიძინე ნივთი. შემდეგ გავიგე, რომ ეს თანხა ბავშვთა სახლს გადაეცემა. გადავწყვიტე, კიდევ მეყიდა რაღაცები. ჩემნაირი ძალიან ბევრი იყო. რაც შეეხება თვითონ აქციას, ეს გამოხატავს ქველმოქმედების კულტურას, რომელიც ძალიან მიხარია, რომ საქართველოშიც არსებობს" – გვითხრა ელენე კეკელიძემ.

აქცია "შარდენი" უკვე მეცამეტე წელია ხორციელდება და ერთგვარ ტრადიციად იქცა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary