ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის ,,მონანიე და განდეგილი დედები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი 2014 წლის 1 ოქტომბერს საფრანგეთში, პარიზში სორბონის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით სამ ტომეულად გამოიცა.
წიგნის ავტორის, ნანა მირაშვილის თქმით: წიგნის წერისას მან იხელმძღვანელა სამი ხელნაწერით, ესენია: პარხლის მრავალთავი, ბოდლეს კრებული, ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება, რომელიც შეიქმნა მე-11 საუკუნეში, ათონის ივერთა მონასტერში.
,,წიგნში შეტანილია რვა წმინდანის ცხოვრება, რომლებმაც მოინანიეს ცოდვები და გახდნენ წმინდანები. ეს გახლავთ ცხოვრება ტასია მეგვიპტელისა, პელაგია ანტიოქელისა (მე-5 საუკუნე), მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება( მე-5 საუკუნე), წმინდა აბრაამისა და მისი ძმისწულის მარიამის ცხოვრება (მე-5 საუკუნე), ცხოვრება ალექსანდრელისა (მე-5 საუკუნე), კანონიკე მზოვარის ცხოვრება (მე-4 საუკუნე), ცხოვრება წმინდა მავრიანესი და ცხოვრება ანასტასია პატრიკიასი" - განაცხადა წიგნის ავტორმა ნანა მირაშვილმა.
"ავტორმა კარგად წარმოადგინა ის ფაქტი, თუ რაოდენ საჭიროა საერთაშორისო მეცნიერება იცნობდეს ქართულ განძს, იცნობდეს იმ ხელნაწერებს, რომლებიც ზოგჯერ და არც ისე იშვიათად უფრო ადრინდელია, ვიდრე მათ აქვთ წარმოდგენა" - განაცხადა ბიზანტიოლოგმა ნელი მახარაზემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსის მანანა გაბაშვილის თქმით: ,,ნანამ ის გზა გააგრძელა, რომელიც საქართველოში შესანიშნავმა მეცნიერებმა გაკვალეს. ნანას წარმატება - ეს არის არა ერთი ადამიანის წარმატება, არამედ ქართული სამეცნიერო სკოლების წარმატება, რაც ჩვენთვის არის სიამაყის საგანი. მან არა მხოლოდ თავისი კონკრეტული თემა წარმოაჩინა, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერების დონე. ჩვენ ძალიან ბევრს გვასწავლიან ევროპელობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი მასწავლებლები იყვნენ ჭეშმარიტი ევროპელები და ის, რისთვისაც დღევანდელი ევროპა იბრძვის, ჩვენ გვქონდა".