ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით ილიაუნის მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებულ პროფესორ ივანე აბიათართან შეხვედრა გაიმართა.
მოხსენების თემა იყო ,,ნერვებით კიბოს გავრცელება".
ივანე აბიათარმა პანკრეასის კიბოსა და მის აგრესიულობაზე ისაუბრა, რომელსაც ნერვული ინვაზია (სიმსივნური უჯრედების შეჭრა ჯანმრთელ ქსოვილში) წარმოადგენს: ,,გამოკვლევებით დადგენილია, რომ პანკრეასის კიბო სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით მე-4 ადგილზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე დაავადებაა. მსგავსი დაავადების მქონე პაციენტების 95% 5 წელზე მეტხანს ვერ ცოცხლობს. რაც შეეხება პანკრეასის კიბოს აგრესიულობას, მას ნერვული ინვაზია წარმოადგენს. მის აგრესიულობაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას: ანატომიური მდგომარეობა, დაგვიანებული დიაგნოსტიკა, სწრაფი მეტასტაზირება და ხშირი ლოკალური რეციდივი" - აღნიშნა ივანე აბიათარმა.
შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
,,ჩემი პროფესია ძალიან ახლოსაა ამ თემასთან. ამიტომ, შეხვედრის შესახებ როდესაც გავიგე, გადავწყვიტე, დავსწრებოდი. ძალიან ბევრი რამ გავიგე კიბოს შესახებ. ვფიქრობ, საკმაოდ მრავლისმომცველი და ინფორმაციული იყო დღევანდელი შეხვედრა" - აღნიშნა ნათია ხაჩიძემ.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით მსგავსი ტიპის შეხვედრა მომავალშიც გაიმართება.