„ევროკავშირთან ინტეგრაცია არის საქართველოს გადაწყვეტილება!“
16 იანვარი, 2015
„ევროკავშირთან ინტეგრაცია არის საქართველოს გადაწყვეტილება!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვივნენ.

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანიმ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციაზე მან ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ვიზა-ლიბერალიზაციის პერსპექტივასა და ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილებზე.

"გასული წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საკმაოდ სწრაფად განვითარდა მოვლენები. საქართველოში უნდა ჩატარდეს რეფორმები, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ევროპული ქვეყნების რიგში ჩადგეს. ვიზის გამარტივების რეჟიმი მეორე ფაზაზე გადადის, საბოლოო ჯამში კი, ჩვენ მივიღებთ უვიზო რეჟიმს. ნებისმიერი მოვლენა, რაც ევროპაში შეიძლება მოხდეს და როგორი ძლიერი ზიანიც უნდა მოგვაყენოს მან, არავითარ გავლენას არ მოახდენს საქართველოს ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე. ევროკავშირთან ინტეგრაცია არის საქართველოს გადაწყვეტილება და ჩვენ ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა სურვილთან ერთად ძალისხმევას არ იშურებს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რაც ევროპას აქვს, ამ პროცესში ჩვენ მხარდაჭერას გიცხადებთ" - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლის პირველი მაღალი დონის ვიზიტია საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრაციაა. დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს. 

"გასული წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელიც რატიფიცირებულია ევროპარლამენტისა და 11 წევრი ქვეყნის მიერ. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, მალე წარმატებით დასრულდება. ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი პრაქტიკული გზამკვლევი ევროპულ ინტეგრაციის პროცესში. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, თუმცა, ასოცირების შეთანხმება ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის გზით საშუალებას გვაძლევს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება მდგრადი და შეუქცევადი გახდეს. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სამომავლოდ საუნივერსიტეტო სივრცეებში, ზოგადად, საქართველოში და კონკრეტულად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ პროცესის მხარდაჭერას ახალი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების გზით" - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საჯარო ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც სტუდენტმა თამილა ბეკოშვილმა გვითხრა, ძალიან მოეწონა, როგორც თამარ ბერუჩაშვილის, ისე ბატონ იოჰანეს ჰანის გამოსვლა: "მათ წარსულისა და მომავლის მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრეს, რაც ჩვენთვის, სტუდენტური მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary