ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,არა ძალადობას" გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ლევან იზორიამ დემოკრატიისა და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა: "მადლობა თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში "არა ძალადობას". დემოკრატიას სჭირდება აქტიური მოქალაქეები, პროფესიონალები. მათ შორის, პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც ამ პრობლემის შესახებ საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან და პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც აჩვენებენ. მხოლოდ შსს-ს რესურსი არ კმარა ძალადობის პრევენციისთვის, ოჯახში ძალადობა დაიძლევა საზოგადოების აქტიური ჩართულობით".
თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გამარჯვებულებს სიგელები გადასცა და შემდგომში უფრო დიდი წარმატება უსურვა მათ. მისი განცხადებით: "ნებისმიერი ძალადობის დაძლევისთვის მხოლოდ შსს-ს ძალისხმევა არ არის საკმარისი, საჭიროა მთელი საზოგადოების მობილიზება. ჩვენი სტუდენტები წარმატებით ჩაერთნენ შსს-ს აქციაში. მათი შექმნილი პროდუქტი უფრო გასაგები და მისაღები იქნება ახალგაზრდებისთვის".
შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით ასამდე მედიაპროდუქტი (საგაზეთო პუბლიკაცია, ტელე- და რადიოსიუჟეტები) იყო წარმოდგენილი. კონკურსზე თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სამაუწყებლო მედიის ფარგლებში სამმა ჯგუფმა სამი ვიდეორგოლი წარმოადგინა. თსუ-დან წარმოდგენილი სამი ვიდეორგოლიდან ორმა გაიმარჯვა. ღონისძიებაზე გაიმართა გამარჯვებული კლიპების დემონსტრირება.
დაჯილდოებაზე გაჩნდა კითხვა, თუ რატომ გაიმარჯვა თსუ-ს გუნდმა? ამ კითხვაზე ნინო გიორგობიანმა უპასუხა: ,,იმიტომ, რომ თქვენ ხართ ყველაზე კრეატიულები". შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე გააცნო მომავალი კამპანიის თემა, რომელიც ქვეითებსა და მათ უფლებებს ეხება. მისი თქმით, დროა ამ კამპანიის შესახებ იფიქრონ სტუდენტებმა.