ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში დისკუსია გაიმართა თემაზე - საკონსტიტუციო რეფორმა - დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიები.
დისკუსიას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის აპარატის მკვლევარები ნინო ქაშაკაშვილი და მარიამ მხატვარი უძღვებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორის კარლო გოდოლაძის თქმით, ქაშაკაშვილი და მხატვარი საჯარო ლექციაზე იმიტომ მოიწვიეს, რომ ისინი საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობენ. "ეს ადამიანები არ არიან საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში პირდაპირ გადაწვეტილების მიმღები პირები, მაგრამ ეს ადამიანები არიან ამ პროცესში ძალიან აქტიურად ჩართულები, შესაბამისად, ფლობენ ყველაზე რელევანტურ ინფორმაციას, რაც საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ არსებობს".
მარიამ მხატვარის მოსაზრებით, დღევანდელმა დისკუსიამ წარმატებით ჩაიარა.
"დღევანდელი შეხვედრის მიზანი აუდიტორიისათვის სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების წარმოჩენა იყო. ყურადღება გავამახვილეთ მიმდინარე საკონსტუტიციო რეფორმებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე, შესაბამისად, ერთ-ერთი მიზანი იყო ისიც, რომ აუდიტორიისგან მოგვესმინა მათი მოსაზრებები. ყურადღება გავამახვილეთ 2004 წლის რეფორმაზე, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვაზე, ასევე 2010 წლის რეფორმაზე მოსამართლის უვადო განწესებაზე, სასამართლო მედიაციის ინსტიტუტის დანერგვაზე, ელექტრონული გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და ელექტრონული სისტემის დანერგვაზე. აუდიტორიისგან გარკვეული სახის კითხვები მივიღე ამ თემებზე, რომლებზეც შევეცადე, ამომწურავად მეპასუხა" - ამბობს მარიამ მხატვარი.
დისკუსიაში მონაწილე გიორგი მუმლაძის აზრით, მსგავსი დისკუსიები არამარტო სტუდენტებთან, არამედ სკოლის მოსწავლეებთანაც უნდა იმართებოდეს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო იმ კუთხით, რომ გავიგე მეტი ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ვენეციის კომისიის საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყანას თხოვს, შეასრულოს ის ძირითადი საკითხები, რომელიც ემყარება დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ხოლო ჩვენი ხელისუფლება ამ კუთხით ვერ აღწევს კონსესუსს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დისკუსიები არამარტო სტუდენტებთან არამედ სკოლებშიც იმართებოდეს და მოხდეს ბავშვების ინფორმირება ამ საკითხში" - განაცხადა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში გიორგი მუმლაძემ.