ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "International Spark Program"–ის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ.
პროექტი 4 წელია, რაც საქართველოში ტარდება. მოხსენების დროს ყურადღება გამახვილდა ყველა იმ კრიტერიუმზე, რომელსაც "საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობა 2013" მოიცავს. პრეზენტაცია სტუდენტების ჩართულობითა და კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც განაპირობა მომხსენებლის მიერ სააზროვნო თამაშის ჩატარებამ.
"International Spark Program"–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია შარიქაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტის საფასური წინა წელს 320 ლარს შეადგენდა, წელს კი - 150 ლარია, გარდა ამისა, ფასდაკლება ხორციელდება თავისუფალი, აგრარული და რეგიონის უნივერსიტეტის სტუდენტებზე. "პროექტის საქართველოში ჩატარების იდეა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და უკვე მეოთხე წელია, რაც "საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე" ტარდება და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ყოველ წელს მონაწილეობას 80 ბაკალავრიატის I და II კურსის სტუდენტი იღებს, რომელთა შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნის სტუდენტები. იმისათვის, რომ შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო, საჭიროა, აპლიკაციის შევსება. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, სასწავლო პროცესი პრაქტიკული სამუშაოებისგან შედგება. პროგრამას "ბაზალეთის სასწავლო ცენტრი" უმასპინძლებს" – განაცხადა ნათია შარიქაძემ.
ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სალომე გვიანიძის თქმით, ამ პროექტის შესახებ ადრეც სმენია, "ამჯერად უფრო დავინტერესდი და მოვედი პრეზენტაციაზე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო და იმის შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მე იქ ბევრ რამეს ვისწავლი" – აღნიშნა სალომე გვიანიძემ.