თსუ-ს ახალი გერბი - რუსული გავლენა თუ აღდგენილი ისტორია?
02 თებერვალი, 2015
თსუ-ს ახალი გერბი - რუსული გავლენა თუ აღდგენილი ისტორია? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური სიმბოლიკა აქვს.

თსუ-ს დროშა და გერბი საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე მოამზადა. 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჯარო განხილვის მიზნით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მომზადებული ვარიანტები გამოქვეყნდა გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში", თსუ-ს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო განთავსებუილი.

უნივერსიტეტის სიმბოლიკა თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა 29 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცეს.

უნივერსიტეტის გერბს საფუძვლად დაედო დიმიტრი შევარდნაძის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შემუშავებული ბეჭედი, რომლის ესკიზიც 1918 წლის 5 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მე-4 სხდომამ დაამტკიცა. გერბი განთავსებული იყო უნივერსიტეტის გამოცემებზე, 1922 წლიდან მოყოლებული კი მისი გამოსახულებით დამშვენებულ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. გერბზე უცვლელია უნივერსიტეტის პირველ ბეჭედზე ამოტვიფრული ქართულ-ლათინური წარწერა: ,,ტფილისის უნივერსიტეტი-Universutas Tphilisensis", თუმცა, დატანილია უნივერსიტეტის გახსნის თარიღი ,,1918".

როგორც ჩვენთან საუბრისას პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა დიმიტრი შველიძემ განაცხადა, სიტყვა ,,ტფილისი" რუსულ მმართველობასთან არ არის დაკავშირებული. მისი თქმით, რუსები თბილისს არა ტფილისს, არამედ ტიფლისს ეძახდნენ: ,,მეცხრამეტე საუკუნეში თბილისს "ტფილისი" ერქვა. ამ ფაქტს ქართლის ცხოვრება ადასტურებს. ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდა სხვადასხვა სახელი: იბერია, აფხაზეთის სამეფო. დანაშაული არ არის ,,ტფილისი," მაგრამ ვისურვებდი გამარტივებას. უფრო მისაღები თბილისია".

სტუდენტების უმრავლესობას გერბი წარწერით: ,,ტფილისის უნივერსიტეტი" არ მოსწონს, რადგან მას რუსულ მმართველობას უკავშირებენ. ერთ-ერთმა სტუდენტმა გვანცა მოდებაძემ განაცხადა: ,,უნივერსიტეტი მაშინ დაარსდა, როცა თბილისს ,,ტფილისი" ერქვა, მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა და ჩემთვის ასეთი ცვლილება მიუღებელია". 

პროტესტი გამოხატა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს სახელწოდება ,,ტფილისს", რაც მისი თქმით, რუსეთის იმპერიასთან ასოცირდება. ,,საჭიროდ მივიჩნევ თსუ-ში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ჩემი აზრი კიდევ ერთხელ გამოვხატო უნივერსიტეტის ახალი გერბის შეახებ. რაც უნდა დაერქვას თსუ-ს, ჩემთვის ის ყოველთვის იქნება პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან მიყვარს. ოღონდ საქართველოში მაჩვენეთ ფუნქციონირებადი ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაშიც ფიგურირებს "ტფილისი". გასაგებია, რომ გასულ საუკუნეში რუსები ვერ გამოთქვამდნენ "თბილისს" და სწორედ ამიტომ ფიგურირებდა სიტყვა "ტფილისი" (ყოველ შემთხვევაში, ასოცირება რუსულ გავლენებსა და მონობის პერიოდთან ნამდვილად არსებობს). ამიტომაც, ქართული უნივერსიტეტის სახელწოდება და გერბში ეს სიტყვა ("ტფილისი") ჩემთვის ვერ იქნება მისაღები. თანამედროვე ქართულით არის - თბილისი. მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ღიად გამოვთქვამ ჩემს აზრს, რომ ახალი გერბი არ მომწონს: უფრო კონკრეტულად არ მომწონს მასში სახელწოდება "ტფილისი". ამ მოსაზრებას იმიტომაც გამოვხატავ, რომ საჭიროდ მიმაჩნია ამაზე შემდგომი დისკუსიების გამართვა ფართო საზოგადოების ჩართულობით" - აღნიშნავს მარიამ გერსამია.

სტუდენტების გარკვეულ ნაწილს შედარებით ლოიალური პოზიცია აქვთ. სტუდენტმა რუსკა ძინძიბაძემ გვითხრა: ,,გერბის ირგვლივ პრობლემა არ მაქვს. გერბს მხოლოდ წარწერა ,,ტფილისის უნივერსიტეტი" დაემატა. არ მესმის,  რამ გამოიწვია ხალხის აღშფოთება. თუმცა, არც ეს გერბია იდეალური".

საინტერესოა თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის, პროფესორ ზურაბ გაიპარაშვილის აზრი: ,,უნივერსიტეტის სიმბოლიკა არ შეცვლილა, ის დაზუსტდა".







გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary