სტუდენტები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "სტუდენტი ჟურნალისტების ლიგის" ორგანიზებით გაიმართა.
ჟურნალისტმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა ჟურნალისტიკაში დღეს არსებულ ტენდენციებსა და სოციალური თემების წინ წამოწევაზე, სიძულვილის ენის კონტროლსა და განეიტრალებაზე. მან ჟურნალისტიკაში თავის დამკვიდრების მსურველ ახალგაზრდებს რამდენიმე რჩევა მისცა და უთხრა, რომ ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება, მოთმენის უნარი და გამძლეობა.
"ეს სამყარო ჯუნგლების კანონით მოქმედებს, თავს იმკვიდრებს ყველაზე შრომისმოყვარე, სხარტი გონებისა და ფიზიკური მზაობის მქონე ადამიანი. მახსენდება შემთხვევები, როდესაც მიწევდა ქარსა და წვიმაში დგომა ან საქართველოს პარლამენტში 16-საათიანი განუწყვეტელი მუშაობა და საკანონმდებლო ინიციატივების დაწვრილებით კითხვა ახალი ამბის აღმოჩენის იმედით" - თქვა თეონა ცხომელიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
"სტუდენტი ჟურნალისტების ლიგა" 20 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა და უკვე მოასწრო მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა. მათი ორგანიზებით მოხდა ახალგაზრდების შეხვედრა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან დავით ქაშიაშვილსა და მაია ასათიანთან. ლიგის 10 საუკეთესო სტუდენტი დაესწრო ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიას.
დღეს ასევე შედგა ლიგის წევრთა შერჩევის მეორე - გასაუბრების ეტაპი, რომლისთვისაც ახალგაზრდები შეირჩნენ აპლიკაციების საფუძველზე, მესამე ეტაპისთვის კი მათ მიეცემათ ერთი სამუშაო კვირა სტატიის მოსამზადებლად. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის სამივე ეტაპს, გახდებიან "სტუდენტი ჟურნალისტების ლიგის " წევრები.