თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართველი ფიზიკოსი გია დვალი ესტუმრა.
მან "ეფექტური ველის თეორიაზე" ისაუბრა. აგრეთვე, აუდიტორიას შავი ყუთის მეთოდის გამოყენების პრაქტიკული მაგალითებიც გააცნო. შეხვედრა, რომელიც "საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის" ინიციატივით გამართა, ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა. მას 150–მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი ესწრებოდა.
"შავი ყუთის მეთოდი ჩვენში გაჩენის დღიდანაა ჩაბეჭდილი. ადამიანებმა სწორედ მისი საშუალებით შეიმეცნეს ბუნება. უფრო კონკრეტულად, ეს გულისხმობს სისტემის მთავარი არსის უმარტივეს მოდელზე დაყვანას და მის ამრიგად შესწავლას" – ასე განმარტა გია დვალმა აღნიშნული თეორიის უმთავრესი მეთოდი.
"ჯერჯერობით სკოლაში ვსწავლობ. მომავალში ვაპირებ ფიზიკოსი გავხდე. გია დვალის ლექციებზე ხშირად დავდივარ. მისი დამსახურებაა, რომ ეს სფერო განსაკუთრებით მიყვარს. დღევანდელი ლექციის თემა ძალიან მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ" – თქვა ნინო მსხვილაძემ.
"მოგეხსენებათ, გია დვალი წარმატებული ფიზიკოსია. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, სტუდენტებს (და არამარტო მათ) მივცეთ მასთან კომუნიკაციის საშუალება, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღებად და, ზოგადად, ცნობიერების ასამაღლებლად. საკითხი, რომელზეც მან ისაუბრა, ძირითადად, ფიზიკოსებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის შესაძლოა შთაგონების წყარო გახდეს. მსგავს შეხვედრას მომავალშიც აუცილებლად მოვაწყობთ" – გვითხრა ორგანიზატორმა თეკლა ჯამრულიძემ.