თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია სახელწოდებით - "საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში"გაიმართა.
შეხვედრაზე მოხსენება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ გააკეთა. მან ყურადღება საქართველოს მომავალ საფრთხესა და რისკზე გაამახვილა. მან აგრეთვე უკრაინაში არსებული კრიზისი და საქართველოს მდგომარეობის შედარებითი ანალიზი გააკეთა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს კომენტირებისა და კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. დისკუსია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ინიციატივით შედგა.
"ჩვენი კლუბის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს აქტუალურ საკითხებზე საჯარო დისკუსიების ორგანიზება. დღესდღეობით საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი გამოწვევის წინაშე დგას უსაფრთხოების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში კიდევ უფრო მძაფრდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებაც" – გვითხრა "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ვიცეპრეზიდენტმა მარიამ ხელაძემ.
"საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტი ვარ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ. თუმცა, როდესაც თბილისში ვიმყოფები, ვცდილობ, ხშირად დავესწრო მსგავს ღონისძიებებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანების მოსმენა" – გვითხრა მარიამ მეტრეველმა.
"ძალიან მიხარია ჩემს უმაღლეს სასწავლებელში ვიზიტი. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია შეხვედრა იმ ახალგაზრდა თაობასთან, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი" – განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი" შემდგომშიც გააგრძელებს ამ და სხვა აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციების, დისკუსიების და სხვადასხვა სახის პროექტის ორგანიზებას და შეეცდება ხელი შეუწყოს სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.