თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სასწავლო პროგრამის - ,,ექსპერიმენტი სამონტაჟო სივრცეში II" - მონაწილეების ნამუშევრები.
გამოფენაში მონაწილეობდნენ: ივეტა ჩხიკვაძე, ნიკოლოზ ცანავა, შოთა იზორია, სალომე დუმბაძე, სოფო მგალობლიშვილი, რუსა კონჯარია, ნინუკა ცინცაძე. კურსს ხელმძღვანელობდა დაჩი იჩუაიძე. როგორც დაჩი იჩუაიძემ განაცხადა, ამ პროექტში ბევრი დამწყები და არაპროფესიონალი მონაწილეობდა: ,,პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილეებს შეესწავლათ სამონტაჟო სივრცე და, ზოგადად, ეს ხელოვნება". საგამოფენო დარბაზში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეო გადიოდა.
გამოფენაზე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების დემონსტრირება. პირველი ფილმი სახელწოდებით ,,Manქანა" ეკუთვნის რუსა კონჯარიას. ამ ფილმმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენას სხვადასხვა ასაკის ადამიანი ესწრებოდა. ფილმებმა ერთნაირად აღაფრთოვანა ახალგაზრდები და შედარებით უფროსი ადამიანები.
რაც შეეხება მეორე ფილმს, იგი ეკუთვნის შოთა იზორიას. ფილმში აღწერილია, თუ როგორ ასუფთავებს ქუჩებს მოხუცი კაცი ნაგვისგან და აგროვებს ბოთლებს, მოგვიანებით კი ამ ბოთლებისგან ნავს ააშენებს. როგორც ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა დამსწრემ ნათია კევლიშვილმა განაცხადა: ,,შოთა ჩემი მეგობარია. ასეთ მოკლემეტრაჟიან ფილმს ნამდვილად არ ველოდებოდით. მან სხვა კუთხით წარმოაჩინა თავი. ეს ერთგვარი მოწოდებაა საზოგადოებისთვის, რომ არ დააბინძურონ გარემო და არ გადაყარონ ნაგავი ქუჩაში. მიმაჩნია, რომ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი სხვადასხვა არხზე უნდა გადიოდეს, რათა საზოგადოებამ არ დააბინძუროს გარემო".
გამოფენის მხარდამჭერია კომპანია "ბადაგონი". გამოფენა 9 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ გამოფენილი ექსპოზიციები.