8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 97 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ყოფილი ლექტორები.
,,პატრიარქის ბრძანებით უნივერსიტეტი ჯილდოვდება წმინდა გიორგის ორდენით" - ამ სიტყვებით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ღონისძიება. მან ისაუბრა ერთიანი ეროვნული საუნივერსიტეტო სივრცის შესახებ, რომელიც ასოცირებას მოჰყვა: ,,ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული სტანდარტების უნივერსიტეტი".
უნივერსიტეტში სიახლეა. იქმნება ახალი საინჟინრო სკოლა. შეთანხმება დაიდო სანტიაგოს უნივერსიტეტთან. სკოლა პირველ ნაკადს შემოდგომაზე მიიღებს. ,,ჩვენთვის ყველა მეცნიერება პრიორიტეტულია, არ არსებობს პირველი- და მეორეხარისხოვანი მეცნიერებები" - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მარიკა ლორთქიფანიძე: ,,ბოლშევიკების ხელისუფლება ჯერ დამყარებული არ იყო, როცა დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი, როგორც ქართული უნივერსიტეტი. საქართველოში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა მაშინ, როცა რუსული ენა იყო გაბატონებული. მთელი პროფესურა წინააღმდეგი იყო სწავლის რუსულ ენაზე გაგრძელებისა". მარიკა ლორთქიფანიძემ გაიხსენა არისტოკრატების დამოკიდებულება უნივერსიტეტისადმი: ,,როდესაც მამას უნივერსიტეტთან მოვყავდით, იგი ქუდს იხდიდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუ რას ნიშნავდა ეს". მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, უნივერსიტეტმა დიდი გავლენა მოახდინა ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.
თსუ-ს რექტორმა რისმაგ გორდეზიანმა ღონისძიებაზე განაცხადა: ,,ძნელია ყველაფერი უზადოდ წარმართო. სსრკ-ში თსუ ერთ-ერთი წამყვანი იყო. ვისურვებდი, რომ მომდევნო იუბილეებზე ამ დარბაზში შემოსულიყვნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთაც მსოფლიო აღიარებს".
დღევანდელ ღონისძიებაზე საკმაოდ კრიტიკული აზრით გამოვიდა სტუდენტი გიორგი სოფრომაძე: ,,უნივერსიტეტი არ დარჩეს მხოლოდ სიტყვებად. უნივერსიტეტში შემოსვლამდე უფრო მეტს ველოდი. აქ კი სულ სხვა სიტუაცია დამხვდა". კრიტიკა მისაღები აღმოჩნდა რექტორისთვის: ,,ბევრი ხარვეზი გვაქვს გამოსასწორებელი".
ღონისძიებაზე გაიმართა პროფესორების დაჯილდოვება. რექტორმა მათ გადასცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ჯილდო. აქ წარმოდგენილნი იყვნენ თითქმის ყველა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
ვლადიმერ პაპავამ ღონისძიება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: ,,დღეს 25 წელი შესრულდა, რაც უნივერსიტეტს აპრობირება მიენიჭა. გვინდა, რომ უნვერსიტეტი იყოს დამოუკიდებელი. პირველი საჯარო ლექცია უნივერსიტეტში 1918 წელს ჩატარდა, ამიტომ ამ ტრადიციის გაგრძელება გვინდა და 12 თებერვალს 12 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია".