საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დახურვის ცერემონია გაიმართა.
ახალგაზრდები თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტში შეიკრიბნენ და მთელი წლის მუშაობა შეაჯამეს. დახურვის ცერემოანიას ესწრებოდნენ დეპუტატები, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მიწვეული სტუმრები.
ახალგაზრდებს მიმართა პარლამენტის წევრმა სერგო რატიანმა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაალ სარაჯიშვილმა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ასანიძემ. მათ ახალგაზრდულ სულზე, ენთუზიაზმსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
"წელს მინისტრის აპარატსა და ახალგაზრდულ პარლამენტს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ პროცესში არამარტო ახალგაზრდებმა ისწავლეს ბევრი, არამედ ჩვენც დიდი გამოცდილება შევიძინეთ, საინტერესო სიახლე გავიგეთ და გავიზიარეთ" - თქვა ზაალ სარაჯიშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი მოწვევის ახალგაზრდა პარლამენტარებიც აქტიურ ურთიერთობას განაგრძობენ მინისტრის აპარატთან.
საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტარებს საშუალება მიეცათ ტრიბუნიდან მიემართათ თავისი კოლეგებისათვის და წარმატება ესურვებინათ მომავალ საქმიანობაში.
"ჩემმა ერთწლიანმა მოღვაწეობამ საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში საკანონმდებლო ხელოვნების დაუფლებასთან, საჯარო გამოსვლის ტექნიკის დახვეწასთან, დებატების კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად შემძინა ძალზე კრეატიული და ეროვნული ღირებულებებით განმსჭვალული მეგობრები, რომელთან ერთადაც მე ძალიან ბევრი რამის შექმნა შევძელი. ჩემი მუშაობისა და კომიტეტის წარმატებულად საქმიანობის ერთ- ერთ განმსაზღვრელ ელემენტს წარმოადგენს ჩემი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილ საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს წევრობა. ახალგაზრდულ პარლამენტში ყოფნამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი როლი გვენიჭება ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ, ახალგაზრდობა, საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ, რომელსაც შეგვიძლია დამკვიდრებული შეხედულებების ინოვაცია და პროგრესირება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაზრდა სამთავრობო, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, როგორიც არის პარლამენტი და საკრებულოები" - თქვა ახალგაზრდული პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუკრი კაკუბავამ.
შეხვედრის ბოლოსთვის ახალგაზრდა პარლამენტარებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.