სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პროექტ "პლატინუმ"-ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. გაიმართა საჩვენებელი პრეზენტაცია არქიტექტურაზე. პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ელენე მაჩაიძემ გააკეთა.
"პროექტი "პლატინუმი", როგორც მოგეხსენებათ, არის მოხალისეობრივი სტუდენტური პროექტი, რომლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საშუალება, გააკეთონ პრეზენტაციები სხვადასხვა პროფესიაზე, რათა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ, სწორად აირჩიონ პროფესია. პრეზენტაციები ჩატარდება საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და სხვადასხვა საუნივერსიტეტო გამოცდილების შესახებ. სტუდენტები გააკეთებენ პრეზენტაციებს სკოლის მოსწავლეებისთვის შემდეგ თემებზე, მაგალითად, როგორიცაა: "როგორია სტუდენტური ცხოვრება", "გამოცდების გამოცდილება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა.
სტუდენტ ელენე მაჩაიძის თქმით: "როდესაც მეც მქონდა არჩევანი, თუ სად ჩამებარებინა, მივხვდი, რომ ამას ერთი მარტივი კითხვით გადავწყვეტდი: რისი კეთება გიყვარს? ასე უფრო მარტივად აირჩევ პროფესიას და რაც გიყვარს, იმ საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით მოეკიდები. მოსწავლეებისთვის აუცილებელია ამ პროექტში ჩართულობა, რათა ადვილად გადაწყვიტონ მომავალში რა პროფესია უნდათ".