ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია ,,ჩვენი სახელმწიფო".
დავით უსუფაშვილმა ლექცია წაიკითხა ,,წლის პირველი საჯარო ლექციის" ფარგლებში. შეხვედრა გაიმართა თსუს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში. ღონისძიებას ესწრებოდნენ: პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.
პირველი საჯარო ლექცია "ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში" - (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში) უნივერსიტეტში 1918 წელს ჩატარდა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა.
ლექციის გამართვის შესახებ 8 თებერვალს ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ: ,,ამ ტრადიციის გაგრძელება გვინდა და 12 თებერვალს 12 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია".
ლექციის ჩატარების წესის თანახმად, საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება: უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს. დავით უსუფაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
ღონისძიების ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე დაჯილდოვდა სიგელით "წლის პირველი საჯარო ლექციის" ჩატარებისთვის. საჯარო ლექციის მონაწილეებს დაურიგდათ ივანე ჯავახიშვილის ლექციის ბეჭდური ვერსია, რომელიც თსუს გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა.