ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე
16 თებერვალი, 2015
ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოფლის სოციოლოგთა კლუბის ორგანიზებით კვლევითი პროექტის - "ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე" შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია, ივანე ჯავახიშვილის მიერ 1910 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებითი ანალიზის გზით, საუკუნის განმავლობაში სოფელში მომხდარი ცვლილებების გამოვლენა და ამ ცვლილებების მიზეზების კვლევა, თანამედროვე სოფლის პრობლემების წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი სტრუქტურებისთვის.

პროექტის ფარგლებში კვლევა ორ სოფელში: გრემსა და არადეთში ჩატარდა. კვლევის საშუალებით გამოვლინდა ამ სოფლების პრობლემები. გრემში არ არის სკოლა. თუმცა, აქვთ 5 მაღაზია, რომლებიც ადგილობრივ მკვიდრთა საკუთრებაშია. არადეთში არ აქვთ გაზი, გათბობა უწევთ შეშით. ამის გარდა, გამოვლინდა საერთო პრობლემები, რომლებიც ამ სოფლებს ჰქონდათ: სარწყავი არხები, ბიბლიოთეკა, გასართობი საშუალებები და ადგილები, უმუშევრობა. 

"2010 წელს გაჩნდა იდეა, რომ სოფლების განმეორებითი კვლევა ჩაგვეტარებინა. დავინტერესდით 1910 წელს ჩატარებული კვლევით იმიტომ, რომ მეცნიერულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯავახიშვილის თაოსნობით ჩატარებულ კვლევას, რადგან ის იყო ემპირიული სოციოლოგიის სათავეებთან ჩატარებული კვლევა. ამასთანავე, საქართველოშიც პირველი ემპირიული გამოკვლევა იყო. 1910 წლიდან 2010 წლამდე ერთი საუკუნე იყო გასული და ძალიან საინტერესო იქნებოდა ამის განმეორებითი კვლევა, რათა სტუდენტობის პიერიოდში პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ორ სოფელში: გრემსა და არადეთში ვიყავით. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რომ 1910 წლის მასალა სრულყოფილად ამ ორ სოფელზე იყო და უკეთ გვექნებოდა შედარების საშუალება. ძირითადი პრობლემები ამ სოფლებში უმუშევრობა იყო, მეორე რიგის პრობლემა სხვადასხვა იყო, ერთს - ინფრასტრუქტურა, მეორეს კი - სოფლის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა" - გვითხრა მარიამ შარიამ, სოფლის სოციოლოგთა კლუბის წევრმა.

პროექტის საველე სამუშაოების ნაწილში კლუბის წევრების გარდა მოხალისე სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
მოხალისე სტუდენტ კარლო მეგულაშვილის თქმით, ამ პროექტში მონაწილეობის მიღებით პრაქტიკა გაიღრმავა და სოფლის სოციოლოგიის კუთხით განვითარდა. "ძალიან გამეხარდა გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობა. საინტერესოდ ჩაიარა ამ პროექტმა ორ სოფელში. სოფლის სოციოლოგია საერთოდ ძალიან მომწონს. მოსახლეობასთან ურთიერთობა ძალიან კარგი იყო. საკმაოდ გახსნილად შეგვხვდნენ, თან თემაც ისეთი გვქონდა, რომ თვითონაც აინტერესებდათ. აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენთან ესსეების კონკურსსა და კითხვარის შევსებაშიც".

პრეზენტაციის შემდეგ გამოფენა მოეწყო სოფლებში გადაღებული ფოტოებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან გამოტანილი მასალების საფუძველზე, რომლებიც თავად სოფლის სოცილოგთა კლუბის წევრების გადაღებული იყო.

კვლევითი პროექტის დამფინანსებელ–მხარდამჭერები არიან: ertad.ge და თსუ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary