ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში" სტუდენტური პროექტის sapere aude ფარგლებში გაიმართა საჯარო მოხსენება.
კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ მოხსენება გააკეთა თემაზე - ,,განათლების მომავალი". შეხვედრას ესწრებოდნენ: სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ლექტორები და დაინტერესებული პირები.
სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა ტექნოლოგიების მიღწევების შესახებ და გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება: ,,საზღვარგარეთ წასვლა ექვსჯერ მომიწია. შევეცდები, გაჩვენოთ, თუ როგორ განვითარდა ტექნოლოგიები. 1997 წელს კომპიუტერმა დაამარცხა გარი გასპაროვი, 2010 წელს კი ერთ-ერთ ინტელექტუალურ თამაშში კომპიუტერს უნდა გაეგო, რაში მდგომარეობდა კითხვის არსი. დღეს შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენ ხანში ვიქნებით დანიშნულების ადგილზე".
განათლების მკვლევარმა ასევე ისაუბრა მობილობაზე: ,,მობილობა ძალზე მნიშვნელოვანია. ადამიანები ხშირად იცვლიან პროფესიებსა თუ სამსახურს. ეს მათ უფრო მეტი განვითარების საშუალებას აძლევს".
,,კომპიუტერი მხოლოდ თამაშებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია უზარმაზარი ცოდნის მიღება. კომპიუტერული სისტემები ეხმარებიან ექიმებს. ექიმები იღებენ განათლებას და აგროვებენ გამოცდილებას, თუმცა, ეს გამოცდილება კომპიუტერულ სისტემებს კონკურენციას ვერ გაუწევს. კომპიუტერის საშუალებით შეგვიძლია ინსტრუქციების მიღება (როგორ ავაშენოთ სახლი, განვაახლოთ ავეჯი და ა.შ)" - განაცხადა მომხსენებელმა.
მოხსენებაზე გაიმართა ვიდეოს დემონსტრირება, სადაც აჩვენეს კომპიუტერული თამაშით გატაცებული ადამიანი. იგი საუბრობდა ისეთ ენაზე, რომელსაც მხოლოდ ის გაიგებდა, ვინც იმავე თამაშითაა გატაცებული. ,,სოციალიზაცია სხვადასხვა თაობაში განსხვავებულია და სწორედ ამიტომ თაობები ძნელად გამონახავენ საერთო ენას" - აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.
მან ისაუბრა განათლების მომავლის შესახებ: ,,დაიწყება ინტერნაციონალიზაციის პროცესი. ადამიანებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ სხვადასხვა ენაზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იქნება, რომ ცოდნის წარმოების ზრდა დაიწყება, როგორც განათლების პროცესის ნაწილი. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად მიიღებენ ცოდნას. შეიქმნება პლაგიატის ამომცნობი სისტემა, რომელიც ნაწერებს შეადარებს. განხორციელება დაწყებულია".