ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ტოლერანტობის სკოლის" ლექციათა სესია გაიხსნა.
მის ფარგლებში თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები".
"როგორც გაეროს დეკლარაციაში წერია, ტოლერანტობა არის ის ბერკეტი, რომელსაც შეუძლია, ომის კულტურა მშვიდობის კულტურად აქციოს. იგი ალეგორიულად გამოისახებოდა, როგორც მოხუცი ქედდადრეკილი ქალბატონი, რომელსაც მძიმე ლოდი აწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის დამახიათებელია მოწიფული, ჩამოყალიბებული გონებისთვის. იმ აზროვნებისთვის, რომელიც ბევრი მიღწევისა თუ მარცხის შედეგად მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროში არსებობს უამრავი განსხვავება" – თქვა მომხსენებელმა.
ლექციის დასრულების შემდეგ შედგა დისკუსია. მას 30–მდე სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყო ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში მსგავსი ტიპის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ იგი მიესალმება ამ წამოწყებას და თავადაც აპირებს, აქტიურად შეუერთდეს ახალგაზრდა მონაწილეებს.
"საინტერესო პროექტის საინტერესო დასაწყისი იყო. ვაპირებ ყველა ლექციას დავესწრო. ვფიქრობ, რომ 21–ე საუკუნის საქართველოს, რომელმაც 17 მაისი მოაწყო, ეს ძალიან სჭირდება. მივესალმებოდი სხვა უნივერსიტეტებშიც ჩატარდებოდეს ლექციათა ციკლი. ჩემი აზრით, ტოლერანტობა საუნივერსიტეტო სავალდებულო საგანიც უნდა გახდეს" – გვითხრა პროექტის მონაწილემ ანა კაპანაძემ.
"ტოლერანტობის სკოლა" არის ახალი პროექტი, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (თDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს. იგი მოიცავს 12 საჯარო ლექციას, რომლებიც ყოველ პარასკევს 19:00 გაიმართება. ტოლერანტობის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. ლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მიწვეული ლექტორები და მკვლევარები, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. საჯარო ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.