ირაკლი ჩარკვიანის "პირადი წერილები"
24 თებერვალი, 2015
  ირაკლი ჩარკვიანის  "პირადი წერილები" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების მე-9 წლისთავის გამო თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში ირაკლი ჩარკვიანის "პირადი წერილების" პრეზენტაცია გაიმართა.

წერილები, ძირითადად, სასიყვარულო ხასიათის იყო. დამსწრეებს შეეძლოთ, ადგილზე შეეძინათ წიგნი - ,,პირადი წერილები". დღემდე უცნობი წერილები თარგმნა გვანცა ჯობავამ რუსული და ინგლისური ენებიდან.

,,ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა: პოეზია, მოთხრობები, რომანი წარმოუდგენელია მისი პერსონის, ავტობიოგრაფიული ნაკადის გარეშე. უფრო მეტიც, ავტორი თვითონვე ცდილობს, ღრმად ჩაიძიროს საკუთარ თავში და შეუბრალებლად გულწრფელი იყოს. რაღაცის შელამაზებას კი არ ეცადოს, არამედ ყველაზე ნამდვილი სიტყვებით გამოხატოს ის განცდა და შეგრძნება, რომელიც სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ეუფლება. პირადი წერილებიც ამ ნაკადის განუყოფელი ნაწილია. ოღონდ აქ გაცილებით მეტი რეალური პერსონაჟი და გეოგრაფიული პუნქტია. ერთმანეთს ენაცვლება აღელვებული და მგრძნობიარე ხელით შევსებული ფურცლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ერთადერთ მისამართზე, ერთადერთ ადრესატთან:საქართველო, თბილისი, ნიკოლაძის ქუჩა, ირაკლი ჩარკვიანს..." - განაცხადა გვანცა ჯობავამ.

საღამოს ესწრებოდნენ: გელა და ქეთათო ჩარკვიანები. სწორედ ქეთათო ჩარკვიანის ინიციატივით და გამომცემლობა ,,ინტელექტის" ძალისხმევით გამოიცა წიგნი.
გელა ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას წაგვიკითხა ირაკლის წერილი, რომელიც 6 წლის ასაკში დაწერა. ,,ის ირაკლი მენატრება, რომელიც ამ წერილშია. არა იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში უფრო ნაკლებად მიყვარდა. მაშინ შემიყვარდა ირაკლი, როცა პირველად გამიღიმა. მაშინ სარკესთან იდგა, ჩემკენ შემოტრიალდა და გამიღიმა". გელა ჩარკვიანის გამოსვლა საკმაოდ ამაღელვებელი იყო.

,,შეუძლებელია ისეთი ადამიანის დავიწყება, როგორიც ირაკლი იყო. ის სასიყვარულო წერილებს იღებდა ქალებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულნი იყვნენ" - განაცხადა ქეთათო ჩარკვიანმა.
ორგანიზატორებმა რამდენიმე წერილი წაგვიკითხეს. დანარჩენი კი მკითხველს მიანდეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary