25 თებერვალს დაიწყო და 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია.
მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online@naec.ge).
ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
2015 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მიმართულებების მიხედვით შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა - A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის მსურველმა რეგისტრაციისას მისთვის სასურველი ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.
A, B და C - ტიპის ტესტებიდან თითოეული, ისევე, როგორც გასულ წლებში, ოთხ ნაწილს მოიცავს. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება.