ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა.
ღონისძიებაში თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი, საქართველოში კომპანია HUAWEI-ს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
"საქართველო და ჩინეთი დიდი ხანია თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საგანმანათლებლო კუთხით. ცენტრის გახსნა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა განათლების ხარისხის ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში კერძო კომპანიაა ჩართული. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, მნიშვნელოვნად გააქტიურდება სტუდენტთა მობილობა. ჩვენმა სტუდენტებმა წარმატებით უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა" - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
ოთახი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და HUAWEI-ს წარმომადგენლობის თანადგომით კომპიუტერული ტექნიკითა და საჭირო ავეჯით აღიჭურვა.
,,მოხარული ვართ, რომ თსუ-ში გაიხსნა ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და საქართველო გეოგრაფიულად ძალიან შორსაა ერთმანეთისგან, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებმა ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შეამცირა. თსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც ჩინურ ენას სწავლობენ, ფართო შესაძლებლობა ეძლევათ. მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების რაოდენობა. ჩინეთის საელჩოს გადაწყვეტილებით, თსუ-დან წელს ნაცვლად ერთი სტუდენტისა სამი სტუდენტი გაემგზავრება ჩინეთში სასწავლებლად. საელჩოსა და კომპანია "HUAWEI" საჩუქარი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლებას. იმედი მაქვს, ეს სტუდენტები იქნებიან ჩვენი ქვეყნის მეგობრობის გამგრძელებლები და საკუთარ კარიერულ წინსვლას შეუწყობნენ ხელს" -განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინმა.