ორგანიზაცია ,,იდენტობამ" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა - "მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით" მოაწყო.
განხილვას ესწრებოდნენ: იურისტი, საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია, იურისტები: გიორგი მშვენიერაძე და ინგა არახამია, მოდერატორი ლევან ბერიანიძე.
კანონპროექტში წერია: "მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე".
,,ამ ფორმით ამ მუხლის მიღებას მხარს არ ვუჭერ, რადგან ძალიან საშიშია გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა გვინდა და რა არ გვინდა. ეს უნდა გადაწყდეს სიღრმისეულად. ამ კანონპროექტში ეჭვი თავიდანვე არ უნდა შევიტანოთ" - განაცხადა თამარ კორძაიამ. მან ასევე ისაუბრა მედიის თავისუფლებაზე: ,,დღეს მედია თავისუფალი არ არის. მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ".
გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა: ,,2000 წლამდე პროგრესულ კანონპროექტებს ვიღებდით. გვჭირდება ის ცოდნა, რაც ევროპამ დააგროვა. ერთმანეთის შიში უნდა დავძლიოთ". მან თავისუფლების არსზე ისაუბრა.
"იდენტობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს: ,,ჩვენი აზრით, გაცხადებული მიზნის მიუხედავად, კანონის ამ ცვლილების შედეგი უმცირესობების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. აღნიშნულ შეფასებას განაპირობებს, როგორც ქვეყანაში უმცირესობების დაცვის მხრივ არსებული კონტექსტი, ასევე წარმოდგენილი ცვლილების შინაარსი. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის დროს, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ დემონსტრაციულად არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიულია, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. ახლოვდება შემდეგი 17 მაისი და იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეს თარიღი გამოცხადებული აქვს "ოჯახის სიწმინდის დღედ", რითაც, ფაქტობრივად, დაბლოკა ამ თარიღის ლგბტ უფლებებისათვის გამოყენება, და იმ ფონზე, როდესაც ამ ინსტიტუციის მიერ ნებისმიერი საჯარო ლგბტ უფლებების დაცვითი აქტივობა "ცოდვად" და "პროვოკაციად" ფასდება, ჩვენ გვინდა, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს ცვლილება, როგორც სხვადასხვა უმცირესობისათვის, ასევე ლგბტ ადამიანის უფლებათა მოძრაობისათვის მთლიანად".