საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი (EUVEGE) ოფიციალურად გაიხსნა.
EUVEGE პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმართულია საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მხარდაჭერისაკენ.
„უკეთესი უნარ-ჩვევები უკეთესი სამუშაოსათვის“ ეს არის 2,7 მილიონევროიანი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დევიზი და იგი ევროკავშირის 27 მილიონიანი დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. თავად მრავალმილიონიანი დახმარების პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვაა.
EUVEGE პროექტის განმახორციელებელი გუნდი ხუთი წამყვანი და სამი ადგილობრივი ექსპერტისაგან შედგება, რომელთაც დახმარებას გაუწევენ მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო მოკლევადიანი ექსპერტები. პროექტის ხანგრძლივობაა 36 თვე.
ევროკავშირის პროექტი ითანამშრომლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. პრეზენტაცია ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის იაროჩევიჩმა, საქართველოს განათლების მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნეს.
პროექტი უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებასა და მხარდაჭერას უნარების განვითარების, პოლიტიკის მართვისა და მონიტორინგის, სარეფორმო ღონისძიებების შეფასებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. ,,რეფორმები ხორციელდება სამინისტროების მიერ და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ საუკეთესო შედეგის მიღწევაში" - ამბობს პროექტის გუნდის ლიდერი ვულფ შმიდერი.