სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა - "დემოკრატია და რელიგია".
ლექციაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.
,,ჩემი ინტერესის სფეროა რელიგია და მისი დაცვა. ჩემთვის დიდი პატივია ამ აუდიტორიაში გამოსვლა. დღეისთვის მთავარი თემაა - ,,რელიგია და დემოკრატია". არსებობს თუ არა რესურსი, ამ ჭრილში გაიაზროს ეკლესიამ თავისი როლი, თუ რა გავლენას ახდენს იგი პოლიტიკაზე. თუ დემოკრატიზაციის რუკას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ პროტესტანტულ სახელმწიფოებში იყო დემოკრატია. კათოლიციზმი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ხოლმე ლიბერალური დემოკრატიის განვითარებისთვის. მოკლე შეჯამებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ის რელიგიაა სახიფათო ადამიანისთვის, რომელიც არ არის გათვლილი ინდივიდზე".
ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა პროტესტანტებსა და მათ როლზე: ,,პროტესტანტიზმი განათლებას უწყობს ხელს. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, თავად კითხულობს საღვთო წერილს. პროტესტანტულმა სამყარომ მოახერხა სტამბების გავრცელება. პროტესტანტები ასკეტები არიან".
მნიშვნელოვანი იყო ბექა მინდიაშვილის აზრი დემოკრატიის განვითარების პირობების შესახებ: ,,კულტურის, განათლების წახალისება წარმოადგენს დემოკრატიის განვითარების პირობას. პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პროტესტანტული რელიგიური ჯგუფები".
მომხსენებელი კათოლიკურ ეკლესიაზეც ესაუბრა დამსწრეებს: ,,თავდაპირველად კათოლიკური ეკლესია არ აღიარებდა დემოკრატიას, თუმცა, მოგვიანებით ისინი დემოკრატიის პირველი დამცველები გახდნენ. კათოლიკურ ეკლესიაში დაიწყო დემოკრატიის მხარდაჭერა. კათოლიკური ეკლესია სსრკ-ს დაუპირისპირდა".
ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.