მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა
07 მარტი, 2015
მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ქორთიარდ მარიოტში" მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან სსმ პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, დევნილებსა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.

თითოეულ ორგანიზაციას ჰქონდა მათი საქმიანობის ამსახველი სტენდი, რომელიც დაინტერესებულ პირებს სასურველ ინფორმაციას აწვდიდა. ყველა მსურველს შეეძლო გაევლო რეგისტრაცია მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მიზნით.
გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰენფინგ ჰენდის" ორგანიზებით გაიმართა. ჩვენთან საუბარში მისმა წარმომადგენელმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მეოთხე წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად მართავს ამ ღონისძიებას. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, ერთმანეთი აღმოაჩინონ. ჩვენი მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია. დღის პირველი ნახევარი დავუთმეთ მოხალისეობის საკითხის განხილვას. შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც დაგვეხმარება კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამ სფეროში. სურვილი გვაქვს, მსგავსი ფორუმი სამომავლოდ თბილისის ფარგლებს გარეთაც ჩავატაროთ" – გვითხრა აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ მესხმა.

გამოფენაში 40-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა. ჩვენ რამდენიმე მათგანის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ:
"საქართველო–ესტონეთის სამეწარმეო კონკურსის ფარგლებში დავიწყეთ იმ იდეის განხორციელება, რომელიც სტუდენტების დასაქმებას ეხებოდა. ჩამოვაყალიბეთ ონლაინპლატფორმა, სადაც განვათავსეთ ანაზღაურებადი ნახევარგანაკვეთიანი, დროებითი, შტატგარეშე სამუშაოები. ასევე მოხალისეობრივი შემოთავაზებებიც. გარდა ამისა, ჩვენს საიტზე შეგხვდებათ ახალგაზრდული აქტივობები. ასევე გვაქვს რეზიუმეს დამზადების სერვისი, რომლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ევროპული სტანდარტის შესაბამის რეზიუმეს ვუმზადებთ. ჩამოვაყალიბეთ სპეციალური ბაზა, სადაც დარეგისტრირებულ სტუდენტებს სიახლეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეგზავნებათ. გამოფენაში ვმონაწილეობთ, რათა მეტმა სტუდენტმა გაიგოს ჩვენ შესახებ. ჩვენ კი ვეცდებით, სრულიად უანგაროდ დავეხმაროთ მათ გამოცდილების შეძენაში შემდგომი კარიერული წინსვლის მიზნით" – გვითხრა "part-time.ge"–ს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ცია ბოდოკიამ.

"ჩვენი კლუბი მესამე წელია არსებობს. "ჰელფინგ ჰენდთან" თანამშრომლობა ამ წლიდან დავიწყეთ. შესაბამისად, გამოფენაში პირველად ვმონაწილეობთ. მსურველებს მივაწოდეთ სარეგისტრაციო შესავსები ფორმა. ზოგადად, 20 მუდმივი მოხალისე გვყავს, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მიღებული 80–მდე რეგისტრანტიდან ყველა მათგანი ვერ დაემატება ჩვენს რიგებს. თუმცა, ცალკეულ ღონისძიებებში მოხალისეობას ყველა შეძლებს"– აღნიშნა ""Buckswood Volunteers' Club"-ის პრეზიდენტმა მურთაზ თაკალანძემ.

"ჩვენ იმ დიდი ორგანიზაციის ქართული კომიტეტი ვართ, რომელიც მსოფლიოს 122-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. საქართველოში 2012 წელს "დავიბადეთ". ვაერთიანებთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ძირითადად, სოციალურ პროექტებს ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. აქ პირველად ვმონაწილეობთ, რათა გავეცნოთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე წევრების მიღებას ვაცხადებთ. "ფეისბუკგვერდზე" გვაქვს აპლიკაცია, რომლის შემდეგაც მსურველებს ინტერვიუ ელით. გარდა ამისა, სტუმრებს ვუამბეთ საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, რომელიც ეძღვნება გაეროს ათასწლეულის 8 მიზანს. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპიკერები მიიიღებენ მონაწილეობას. მისი საშუალებით მოვიპოვებთ საზოგადოების ნდობას და ისინი მიხვდებიან, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრობით ხდებიან მსოფლიოს ნაწილნი" – თქვა "JCI Georgia"–ს პრეზიდენტმა ნინუცა გულაშვილმა.

"რა თქმა უნდა, ამ პროექტში პირველად არ ვმონაწილეობთ. სტუდენტების გაცნობის მიზნით, თითქმის ყველა აქამდე ჩატარებულ მსგავს ღონისძიებაში შეგვაქვს ჩვენი წვლილი. ამჟამად 3 სახის პროგრამას ვთავაზობთ. პირველი მათგანი არის "Global Citizen", მოკლევადიანი სტაჟირება საზღვარგარეთ, რომელიც ითვალისწინებს ტრენინგებს, საცხოვრებელს, კვებასა და მენეჯერის დახმარებას ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში. წევრებისთვის გვაქვს "Global Leader". იგი ეხმარება ახალგაზრდებს უნარების განვითარებაში, რომელიც სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივად იქცევა. აგრეთვე, ბაკალავრიატის დიპლომის მქონე სტუდენტებს გრძელვადიან სტაჟირებას ვთავაზობთ. ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი. მაგალითისთვის, გერმანიაში, მინიმალური ანაზღაურება 3000 ევროდან იწყება. ზოგიერთ შემთხვევაში კომპანია ანაზღაურებს საცხოვრებელ ხარჯებსაც. რაც შეეხება წევრების მიღებას, ზუსტი ვადები დადგენილი არ გვაქვს. დამოკიდებულია კონკრეტულ კომიტეტში წევრების რაოდენობაზე. სამომავლოდ ეს შანსი მსურველებს ზაფხულში ექნებათ" – განაცხადა"AIESEC Georgia"–ს წარმომადგენელმა სანდრო გელაშვილმა.

ფორუმს 50–მდე სხვადასხვა ასაკისა ადამიანი ესტუმრა. მათ შორის იყვნენ გამოცდილი მოხალისეებიც. აგრეთვე, მოხალისეობის მსურველებიც. ჩვენ მათი მოტივაციით დავინტერესდით.

"საქართველოში მოხალისეობა, გულახდილად რომ ვთქვათ, არც ისე პოპულარულია. ეს ალბათ, ნაკლებად ინფორმირებულობის ბრალია. დღევანდელი ფორუმი აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას გარკვეულწილად მაინც დაეხმარება. თავადაც ბევრი სიანტერესო ორგანიზაციის შესახებ შევიტყვე, შევავსე მათი ბლანკი და ვფიქრობ, მომავალში ვითანამშროლებთ. რაც შეეხება მოტივაციას, პირველ რიგში, გამოცდილების მიღება მინდა. ასევე, ახალი მეგობრების შეძენა. სხვისი უანგაროდ დახმარების სურვილი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს თამაშობს" – თქვა სტუმარმა ნინო მჭედლიშვილმა.
"ჰელფინგ ჰენდი" მომავალ წელსაც გეგმავს მოხალისეობის ფორუმის გამართვას.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary