პროექტის პირველ ეტაპზე ბროშურა გამოიცა - ,,სტუდენტური თვითმართველობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში“, სადაც საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და მისი განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები აისახა. მეორე ეტაპზე ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს 9 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. ამავე ეტაპზე, გაიმართა 18 შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ თვითმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებულ დისკუსიაში და განიხილავდნენ მისი განვითარების გზებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ 42 უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლები, ამავე უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტები, საქართველოს განათლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და უმაღლეს განათლებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ორგანიზაციამ მომზადებული კანონპროექტებისა და სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. ასოციაციის მოსაზრებით, მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სტუდენტური თვითმართველობის დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი გარემოს დამკვიდრება. ამ კუთხით კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის გარანტიების შექმნაა, რაც სტუდენტური თვითმართველობის დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გარდაქმნაში და მისთვის გარდა უნივერსიტეტის ბიუჯეტისა, სხვა ფულადი სახსრების მოძიების შესაძლებლობების მიცემაში გამოიხატება.