ანონიმი გეის ნაამბობი
10 მარტი, 2015
ანონიმი გეის ნაამბობი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ევროპის სახლში" მხატვარ ეთერ ჭკადუასა და "იდენტობის" კოლაბორაციული გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით - "Anonymous".

"ანონიმი გეის ნაამბობი" – ასეც უწოდეს გამოფენას, რომელიც საზოგადოებაში არსებულ დუმილს, ჰომოფობიის დონის მაღალ მაჩვენებელსა და დისკრიმინაციით გამოწვეულ პრობლემატიკას უსვამს ხაზს. "ევროპის სახლში" წარმოადგინეს ქართული კულტურის ნიმუშები: ყანწი, ხინკალი იმის წარმოსაჩენად, რომ თითქოს ქართული ტრადიციული კულტურა თავისი მანკიერებებით უპირსპირდება დემოკრატიულ პრინციპებსა და თანამედროვე ტენდენციებს.

დამთვალიერებლებს უფასოდ გადაეცათ "იდენტობის" მიერ გამოცემული ჟურნალ "17"-ის ერთ–ერთი ნომერი.
გამოფენაზე წარმოადგინეს ციფრული პრინტები, ინსტალაციები წერილებით, რომლითაც საქართველოში მცხოვრები ჰომოსექსუალები ყვებიან მათი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ისტორიებს:
"მე ჯიუტად ვსტუმრობდი კარადას, სადაც კაბები იყო შენახული, ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ეს კაბები გადაყარეს".
"უკვე ქალად ვგრძნობ თავს და ამას ვერავინ შეცვლის, სრულიად ვერავინ!"
"დაავლო ხელი ხორცის საჭრელ უზარმაზარ დანას და არც აცია, არც აცხელა – პირდაპირ მესროლა" – ყვება ქართველი ჰომოსექსუალი დედასთან აღიარების შემდგომ ფაქტს.

როგორც ჩანს, საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს პრობლემები დასაქმებასთან დაკავშირებითაც ექმნებათ. ერთ–ერთ მაგალითს ყვება ანონიმი ტრანსგენდერი: "ადრე თუ გვიან, ჩემი დამსაქმებლები იგებენ, რომ ტრანსგენდერი ვარ და ჩემთან ურთიერთობას მაშინვე წყვეტენ".
როგორც "იდენტობის" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანა რეხვიაშვილმა აღნიშნა, "ღონისძიების ჩატარების იდეა ეკუთვნის ეთერ ჭკადუას, 17 მაისის მოვლენების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის ისტორიები, რომელთაც უმცირესობები საჯაროდ ვერ ამჟღავნებენ, მივიტანოთ საზოგადოებამდე. აღსანიშნავია, რომ აქ წარმოდგენილი ყველა წერილი არის რეალობა. ამ გამოფენისთვის დაახლოებით 1 წლის მანძილზე ვემზადებოდით, წერილების ავტორები გვირეკავდნენ და გვიყვებოდნენ მათ შესახებ, მათი უმრავლესობა ანონიმურობას ითხოვდა. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ მსგავსი ტიპის ღონისძიების ორგანიზებას, რადგან ხელოვნება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია". 

სტუდენტ მიხეილ აბრამიშვილის თქმით: "კონსერვატორიის სტუდენტი ვარ, როგორც მუსიკოსი და მხატვარი ხშირად ვესწრები მსგავს გამოფენებს. მივესალმები საჯარო დისკუსიებსა და ღონისძიებებს აღნიშნულ თემატიკაზე, თუმცა, მიმაჩნია, რომ დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები არ არის მხატვრული ღირებულების, ისინი მხოლოდ ასახავენ იმ ისტორიებს, რომლებიც უკვე ყველასთვის ცნობილია სხვადასხვა წყაროს საშუალებით. უმჯობესია მომავალში ორგანიზატორებმა გაითვალისწინონ და ასახონ სექსუალური უმცირესობების პრობლემატიკა მეტი მრავალფეროვნებით". 

"როდესაც საქართველოში ვბრუნდები, ყურში მხვდება ძალიან გულუბრყვილო და დამამცირებელი ეპითეტები გეებზე. უმრავლესობა აქ მათ სიყვარულს ამორალურს, ურთიერთობას კი - "ბინძურს" ეძახის. უკეთეს შემთხვევაში ამბობენ, რომ ისინი "ავადმყოფები" არიან. ჩვენი გამოფენა არის მცდელობა, რომ დავაჩქაროთ ის დრო, როცა ყველას ექნება თანაბარი უფლებები მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. მითუმეტეს, როცა პრეტენზია გვაქვს ევროპასთან ასოცირებაზე. ამ გამოფენით გვინდოდა იმ ტკივილის გაზიარება, რომელიც ჩვენ ჰეტეროსექსუალებმა დაუფიქრებლად მივაყენეთ ჩვენს დებსა და ძმებს" – აღნიშნა მხატვარმა ეთერ ჭკადუამ.
გამოფენა 10 დღეს გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary