ილიაუნის თეატრში ირინე ებრალიძის საავტორო კონცერტი გაიმართა, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლო.
,,ეს საინტერესო კონცერტი არის ირინეს სადოქტორო პორტფოლიოს ნაწილი. ირინე მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. იგი არის თეორიტიკოსი, დირიჟორი. ის საქართველოში პირველი ქალი დირიჟორია. დღეს არის მზადება 20 მარტის კონცერტისთვის. იგი სოსო და ლანა ებრალიძეების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. სოსო ებრალიძის სახელი დაკავშირებულია ,,რეროსა" და ,,ციცინათელასთან" - განაცხადა ილიაუნის სამუსიკო სკოლის პროფესორმა მარინა ადამიამ.
სცენაზე სიტყვით გამოვიდა ირინე ებრალიძეც: ,,დავაკონკრეტებ იმას, რომ ჩემი ნაშრომი ქართული ფოლკი და ეთნოჯაზია. ეს ბევრად უფრო რთული ცნებაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს (ბენდის წევრებს). ფოლკჯაზი ძალიან რთულია შესასრულებლად მუსიკოსისთვის".
ირინე ებრალიძემ დამსწრეებს ბენდის წევრები გააცნო: ნია უნდილაშვილი, თათია ყურაშვილი, გიორგი თედიაშვილი, ზუკა სიმონიშვილი, ზურა ასტამაძე, ლაშიკო სხილაძე და ლევან რუსია.
კონცერტზე სხვადასხვა ნაწარმოების პრეზენტაცია გაიმართა. თითოეული მათგანი დირიჟორმა ასე დაახასიათა:
,,საცეკვაო" - ,,სულხან ცინცაძე ხალხურ ნიადაგზე ქმნიდა მუსიკას და სწორედ მას მივმართე. სწორედ ამის საფუძველზე შევქმნები ,,საცეკვაო". ,,ურმული" ძალიან გავრცელებულია ქართულ ფოლკლორში. ამ ნაწარმოებით მუსიკოსი გამოხატავს თავის ფიქრებსა და გრძნობებს. მეც მინდა ჩემი ფიქრებისა და გრძნობების გამოხატვა ჩემი "ურმულით". ,,ტალღა" - საქართველო ზღვის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი ემოციები ტალღოვნად ვითარდება. 20 წელია ზღვაზე არ ვყოფილვარ, თუმცა, მაინც ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, ერთ დღესაც წავალ. ჩემი ვოკალისტები ასრულებენ ჩასაბერი საკრავების როლს. ოთხივე ვოკალისტი წარვდგებით მაყურებლის წინაშე, როგორც ინსტრუმენტები. ,,გაზაფხულის დღე"- ყველაზე მეტად მიყვარს გაზაფხული. პერიოდია, როცა იბადება ნუგეში და იმედი. სწორედ ამიტომ შევქმენი ,,გაზაფხულის დღე".
დირიჟორის შემოქმედებას მსმენელმა მხურვალე აპლოდისმენტები მიუძღვნა.