"ქორთიარდ მარიოტში" "მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში" გაიხსნა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდი და გამომცემლობა ,,ელსევიერი". მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე: ,,სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ უფასო წვდომა და ჩაერთონ პროექტებში. შეირჩევა ორი ან სამი ჟურნალის გამოცემა, რათა გახდეს უფრო პოპულარული. მათი რაოდენობა 2016 წლისთვის გაიზრდება. დაიწყება 10-დღიანი პოპულარიზაცია მეცნიერებისთვის, რომელიც სტუდენტური დღეებით დასრულდება".
,,ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ქართველი მეცნიერების მხარდაჭერას. "ელსევიერი" არის მასშტაბური სამეცნიერო ჟურნალთა ბაზა. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსთან გასულ წელს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი მეცნიერების კვლევების განვითარებას და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან კვლევები არის გლობალური აქტვივობა და ამით ჩვენ ვეხმარებით ქართველ მეცნიერებს, გამოიყენონ საერთაშორისო გამოცდილება, რათა უფრო უკეთ აწარმოონ კვლევები" - განაცხადა Global STM ჟურნალების დირექტორმა მარტინ ომალმა.
ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.
2014 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იყო შვიდი მილიონი ლარი და წელსაც ასე იქნება. სულ დაფინანსებულია 356 პროექტი.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა ,,ელსევიერს" შორის წარმატებულ პარტნიორობას. საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ "ელსევიერის" უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით - მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურით.