„ლიბერალური მზესუმზირა“ აკა მორჩილაძისგან
12 მარტი, 2015
„ლიბერალური მზესუმზირა“ აკა მორჩილაძისგან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"წიგნის სახლში" აკა მორჩილაძის წიგნის "ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს" პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი საკითხავი ჟურნალ "ლიბერალისა" და გამომცემლობა "არტანუჯის" ერთობლივი მუშაობის პროდუქტია. 

მსმენელს ახალი წიგნის შესახებ ავტორის მეგობარი, მწერალი დათო ტურაშვილი ესაუბრა, რომელმაც საინტერესოდ და მრავალფეროვნად გააცნო ლიტერატურის მოყვარულებს წიგნის შინაარსი და მიზანდასახულობა. მწერალის თქმით: "ეს ნაშრომი არ არის აკა მორჩილაძის პირველი ლიტერატურული შეხება ფეხბურთთან, მისი პირველი წიგნი ამ თემატიკით იყო "იქ, სადაც პირველად გაგორდა ბურთი". ახალი საკითხავი აკასგან არის საინტერესო იმ მხრივ, რომ მკითხველი გაეცნობა საფეხბურთო ცხოვრების კულისებს, რაც ყველას აინტერესებს და მუდამ ფასადს მიღმა რჩება. აკა მორჩილაძის ყოველი ახალი წიგნი არის ნამდვილი დღესასწაული მკითხველისთვის, ამიტომ ვულოცავ ყველას. რასაკვირველია, დიდ მადლობას ვუხდი იდეის ავტორებს, ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ასეთ დიდ საქმეს, იმედი მაქვს, მსგავსი პროექტები გაგრძელდება".

როგორც ჟურნალ "ლიბერალის" მთავარმა რედაქტორმა ზურა ვარდიაშვილმა აღნიშნა: "წიგნის გამოცემის იდეას საინტერესო ისტორია აქვს, დაახლოებით ერთი წლის წინ შუაღამისას "ლიბერალის" რედაქტორმა გიორგი ჭეიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რაღაც კარგი ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩემი თხოვნის მიუხედავად, მან დილამდე ვერ მოითმინა და გამაცნო ის იდეა, რომლის შედეგსაც დღეს ვხედავთ. დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ჩვენს ჟურნალში იბეჭდებოდა აკა მორჩილაძის სვეტები ფეხბურთის შესახებ, ჩვენ კი გადავწყვიტეთ ამ მასალის შეკრება და წიგნად გამოცემა, ბუნებრივია, აკაც სიხარულით დაგვთანხმდა და სათაურიც სრაფად შეურჩია კრებულს. ავტორის მიერ მონათხრობი ისტორიები სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ერთი შეხედვით ყველასთვის ცნობილია, ყველამ ვიცით ამ ტურნირის რეზულტატი, მაგრამ სწორედ იმით არის საინტერესო "ასი გირვანქა სტერლინგით შორს", რომ მასში თითქოს ცნობილი ისტორიები ორიგინალური ფორმით არის გადმოცემული". როგორც თავად ავტორმა უწოდა, ეს წიგნი იქნება მზესუმზირის მსგავსი და მას მკითხველი რამდენჯერმე მიუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოცემის მხრივ ჩვენ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, ვფიქრობ, საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივიდა პარტნიორებთან და მსგავს პროექტებს მომავალშიც აუცილებლად განვაგრძობთ".

"წიგნის სახლში" მსმენელებს ესაუბრა ასევე გამომცემლობა "არტანუჯის" რედაქტორი ზვიად ბუცხრიკიძე, რომელმაც აღნიშნა: "ჩვენი გამომცემლობა დაინტერესებულია საფეხბურთო თემატიკით, "არტანუჯი" უკვე 4 წელია რაც გამოსცემს ცნობილი ფეხბურთელების ავტობიოგრაფიებს: ანდრეი პირლო, დევიდ ბექჰემი, უეინ რუნი და ა.შ.სამწუხაროდ, საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ამ მხრივ ნაკლები დაინტერესება იყო, მსოფლიოში კი საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა წიგნები ფეხბურთელთა შესახებ. მიხარია, რომ "ლიბერალმა" დაიწყო ამ მნიშვნელოვანი ტენდენციის დამკვიდრება. ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით გამოწვევას და ვფიქრობ, კარგად ვითანამშრომლეთ, მითუმეტეს, რომ ეს წიგნი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიწეროს ფეხბურთზე".

წიგნის პრეზენტაციას არ ესწრებოდა თავად ავტორი, რომელიც ლონდონში იმყოფება, თუმცა, ცნობილია მისი დამოკიდებულება ჟურნალ "ლიბერალის" იდეის შესახებ. აკა მორჩილაძის თქმით: "ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ვინმე შეკრებდა და გამოსცემდა ამ ლიბერალურ საფეხბურთო მზესუმზირას. ალბათ, ეს წიგნაკი არაფერს დააშავებს და მზესუმზირადაც ივარგებს, სახალისოდაც და ახლო წარსულის სურათებსაც გაახსენებს მის გადამფურცლავ ფეხბურთის მოყვარე ხალხს".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary