თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "City Games" გაიმართა.
იგი ოლიმპიადა "LOGICSER"–ის ფარგლებში ჩატარდა. უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მაქსიმუმ 40 გუნდს შეეძლო, რომლებიც, თავის მხრივ, 3 სტუდენტისგან შედგებოდა. 3 საათის განმავლობაში ისინი სხვადასხვა ადგილზე დამალულ მინიშნებებს ეძებდნენ. ყველაზე მეტი ქულის მქონე გუნდის წევრები ოლიმპიადაში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას. პროცესს 4 მსაჯი აკვირდებოდა, რომელთა ვინაობა მოთამაშეებისთვის უცნობი იყო.
მსაჯების თქმით, თამაშმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
"ყველა გუნდი თამაშს ერთსა და იმავე ადგილიდან იწყებს, ისინი იღებენ სხვადასხვა მინიშნებას 10 დანიშნულების ადგილის შესახებ, მინიშნებები განსხვავებულია: ფოტო, რებუსი, გამოცანა, ასევე მოძრავი ფოტო მინიშნებები, ეს გამორიცხავს გუნდების მხრიდან ერთმანეთისთვის დახმარების საშუალებას. ყურადღება ექცევა გუნდის ორგანიზებულობასა და სისწრაფეს. აღნიშნული აქტივობა უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა. საერთო ჯამში, 10 უნივერსიტეტს ვეწვევით" – გვითხრა პროექტის კოორდინატორმა გიგა ჩიტიშვილმა.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ–ერთი გუნდის წევრს ანა სალდაძეს:
"სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა, თამაში საინტერესო და სახალისო იყო. გარდა გართობისა, მონაწილეობა ოლიმპიადის უფასო "საგზურის" მისაღებად მინდოდა. ახლა 15 ლარის გადახდა მომიწევს, თუმცა, ვფიქრობ, ეს ნამდვილად დამეხმარება ლოგიკური უნარების შემოწმებაში" – თქვა მან.
საქართველოში ოლიმპიადა "LOGICSER" პირველად იმართება. მასში მონაწილეობა სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეუძლიათ. იგი 3 ტურისგან შედგება, რომელთა განმავლობაში მონაწილეები GRE-ის სტანდარტის ტესტზე იმუშავებენ. საპრიზო ადგილების მფლობელებს სტიპენდია დაენიშნებათ. პროექტის მიზანია, სტუდენტებმა შეიძინონ გამოცდილება და განივითარონ ანალიტიკური უნარები.
ხვალ "City Games" თავისუფალ, აგრარულ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტებში ჩატარდება.