ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისში მოეწყო ღვინისა და ყველის დეგუსტაცია.
ღონისძიება ქართული კულტურისა და პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ბაქსვუდის სკოლას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ. ამჯერად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი 20-კაციან დელეგაციას მასპინძლობს დიდი ბრიტანეთიდან, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი კულტურის უკეთ გაცნობა და ქართველ მოსწავლეებთან დაახლოებაა. ქართულ საღამოზე, რომელმაც ღვინისა და ყველის დეგუსტაცია მოიცვა, უხვად იყო გაჯერებული მოსწავლეთა მიერ შესრულებული ფოლკლორული ნომრები.
ღონისძიებას დაესწრო დიდ ბრიტანეთში მდებარე ბაქსვუდის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ჯაილზ სატონი, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ალექსანდრე ვაშაკიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვ.
,,ჩვენი სკოლის მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეები იღებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას და მიემგზავრებიან უცხოეთში, ეს უდიდესი ხელშეწყობაა. უცხოეთში წასულ მოსწავლეებს სწავლას, საცხოვრებელს, ექსკურსიებს უფინანსებს სკოლა, იქ მყოფი მოსწავლეების მიმართ იჩენენ დიდ სიყვარულს და გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით, ჩვენ კი ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ტრადიციას" - აღნიშნა ბაქსვუდის სკოლის მოსწავლემ ელენე ჭელიძემ.
ჯაილზი სატონმა კმაყოფილება გამოთქვა მჭიდრო ურთიერთობების გამო და ერთი ფრაზით გამოხატა სკოლის დევიზი: "ვამზადებთ ცხოვრებისათვის".
ბრიტანეთიდან ჩამოსული სტუმრები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ხვალ ისინი დაესწრებიან რაგბის თამაშს. მათ გიდობას გაუწევენ სკოლის დირექტორი, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები.
,,მსგავსი პროგრამები დიდ გამოცდილებას გვაძლევს, ეს მოტივაციას ამაღლებს და სხვადასხვა კულტურის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა" - გვითხრა ბაქსვუდის სკოლის მოსწავლემ ნინო ჩხეიძემ.
,,თითოეულ მოსწავლეში არის ნიჭი, რომელსაც შესაბამისი გარემოს შექმნა და გამოვლენა სჭირდება. თბილი, ეროვნული საღამოები სწორედ ამ ნიჭის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა" - აღნიშნა ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლის დამფუძნებელმა და განათლების ექსპერტმა ჯაილზ სატონმა.