საქართველოს მწერალთა სახლში ნინო სადღობელაშვილის სათავგადასავლო რომანის - ,,განძის თეატრის" პრეზენტაცია გაიმართა.
ორგანიზატორები იყვნენ გამომცემლობა ,,ინტელექტი" და AMG (Amusing Media Group in Georgia).
,,ეს არის ,,განძის თეატრი", რომელიც ჩემი პირველი სათავგადასავლო რომანია. ამ ჟანრის ერთგვარი ტენდენცია ისაა, რომ ახასიათებს სერიულობა. ვფიქრობ, რომ ამას მოყვება მეორე წიგნი, მესამე და ა.შ ყველაფერი ეს დაემყარება ლეგენდებს, ანდაზებს, მითოლოგიასა და ფოლკლორს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია. ნამდვილად არის საშუალება, რომ ყველა დროში მწერალმა შექმნას და მკითხველმა წაიკითხოს ახალ-ახალი მხატვრული ტექსტები. პირველი წიგნი ამირანის მითის შესახებაა და შესაბამისად, ერთგვარი ინსპირაციაა. წიგნის გმირები თავგადასავლებში ეხვევიან" - განაცხადა ნინო სადღობელაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
წიგნი ფენტეზის ჟანრშია შექმნილი და გათვლილია 12 წლიდან ზევით მოზარდებზე, ახალგაზრდებზე და, ზოგადად, ამ ჟანრის მოყვარულ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი უცხოეთში ძალიან პოპულარულია, საქართველოში ის ახლა იკიდებს ფეხს და ამდენად, ეს წიგნი ინოვაციური მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში.