ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლა "ლიდერი" გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი სტუმრები. მათ შორის ვლადიმერ პაპავაც, რომელმაც სტუდენტებს სიტყვით მიმართა: "ეს მართლაც დიდებული წამოწყებაა. იდეა ჩვენს დოქტორანტებს ეკუთვნით. დიდი მადლობა ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც ლექციების ჩატარებაზე დაგვთანხმდნენ. ამ ადამიანების გამოცდილების გაზიარება თავისთავად იძლევა წარმატებულობის გარანტიას".
მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც სტუდენტებს წარმატებები უსურვა.
"მიხარია, რომ უნივერსიტეტში ასეთი აქტიური ცხოვრება ჩქეფს. მახარებს ისიც, რომ აქ სასწავლებლად დადიხართ და ამას კარგად ახერხებთ. ეს არის პერიოდი, როდესაც უნდა მოემზადოთ ლიდერობისთვის, რათა მომავალში ქვეყანა თქვენ გადაიბაროთ. მჯერა, რომ უნივერსიტეტი გაზრდის იმ თაობას, რომელიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქვეყნის ისტორიაში. ჩვენს ქვეყანას ახალი სახეები ნამდვილად სჭირდება. თსუ იყო, არის და იქნება ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი" – განაცხადა მან.
პრეზენტაციაზე დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლებიც მიესალმნენ სტუდენტებს და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ბოლოს პროექტში მონაწილე სტუდენტებს სამახსოვრო სუვენირები გადაეცათ. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს ვესაუბრეთ:
"სახელწოდება "ლიდერი" გამომწვევად ჟღერდა და, პირველ რიგში, ამიტომაც დავინტერესდი. 3 საფეხური გადავლახე, რომლებშიც იგულისხმება ინგლისურის, უნარებისა და გასაუბრების ჩაბარების ეტაპები. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ამიტომაც, ბუნებრივია, განსაკუთრებით მიხარია არჩეულებს შორის მოხვედრა. ველი მივიღო ცოდნა იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღევანდელ ბიზნესის ასპარეზზე ამინდს ქმნიან" – გვითხრა ცია თოთლაძემ.
"ლიდერი" თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პროექტია. იგი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 30 საუკეთესო სტუდენტის შერჩევასა და მათ ინფორმირებას სამეწარმეო უნარების, პროფესიული ცოდნის, ანალიტიკური აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის განვითარების მიზნით. სემინარებს ჩაატარებენ სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და წარმატებული ბიზნესმენები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. პროექტის დასრულების შემდეგ გამორჩეული სტუდენტები საზღვარგარეთ გამართული საკონფერენციო მივლინებით დაჯილდოვდებიან. ასევე, ფასიანი პრიზებითა და სიმბოლური საჩუქრებით. ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი.