საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მხატვრის, თამთა დოლიძის ნახატების გამოფენა მოეწყო.
გამოფენის ორგანიზატორ ქეთევან კუკულავას თქმით, თამთამ პირველი ნახატი ბავშვობაში დედას მიუძღვნა.
თამთა დოლიძე თბილისის სამხატვროაკადემიის მე-3 კურსის სტუდენტია (ფერწერის ფაკულტეტი), დაამთავრა ჩოხატაურის სამხატვრო სკოლა, შემდეგ კი სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. იგი სისტემატურად მონაწილეობს სტუდენტურ გამოფენებში, მის ნამუშევრებს ასევე იცნობენ საზღვარგარეთაც (ჩეხოსლოვაკია,თეირანი, ერევანი ,ვარშავა). 2008 წელს ოზურგეთში თამთას პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო, დღეს კი - მეორე გამოფენა.
,,თამთას ნახატებში განსაკუთრებით მომწონს აბსტრაქცია და პრიმიტიული შტრიხები, რაც მის შემოქმედებას საინტერესოს ხდის " - აღნიშნა მოსწავლემ ნანა პეტიაშვილმა.
,,მისი ნახატები იმდენად ღრმაა,ზოგჯერ წვდომა ძალიან რთული ხდება, სწორედ ეს არის საინტერესო. მე როგორც ხელოვანს, მომწონს ასეთი მიდგომა" - გვითხრა ახალგაზრდა ხელოვანმა მარიამ სუბატაშვილმა.
გამოფენაზე ორმოცამდე კონცეპტუალური ნამუშევარია წარმოდგენილი, რამაც მნახველთა დიდი ყურადღება დაიმსახურა.
გამოფენა 21 მარტამდე გაგრძელდება.