,,ფრონტლაინ კლუბში" ირაკლი ალასანია ,,ჯიპას" სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული არჩევანი.
,,თქვენ ასაკში რომ ვიყავი, ძალიან მაინტერესებდა პოლიტიკოსებთან შეხვედრა. მიხარია, რომ ინტერესი გაგიჩნდათ. ევროპული არჩევანი ახალი არ არის. საქართველო ყოველთვის ისწრაფვოდა ევროპისკენ" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ საბჭოთა კავშირსა და იმ პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა: "რუსეთზე როცა ვსაუბრობ, მინდა აღვნიშნო, არ ვარ რუსოფობი. სამოქალაქო ომმა საქართველო წელში გაწყვიტა. ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა თურქეთზე წინაც ვიქნებოდით ეკონომიკური თვალსაზრისით. დღევანდელი ვითარება გამოწვეულია 90-იან წლებში დაშვებული შეცდომებითაც".
ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ პირველი სამხედრო ურთიერთობა ამერიკელებთან ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო: ,,მნიშვნელოვანი იყო ჩეჩენი მეომრების პრობლემა პანკისის ხეობაში. ეს პრობლემა მოაგვარა აშშ-ს პროექტის ,,წვრთნისა და აღჭურვის" ფარგლებში მომზადებულმა სამხედრო პირებმა". მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა შეხვედრა. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თუ საქართველო ვერ გააკეთებს არჩევანს ევროპასა და რუსეთს შორის, რაც მისი თქმით, ძალიან გაუჭირდება ქვეყანას, უნდა მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა.