თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს შეხვდა.
ვლადიმერ პაპავას გარდა შეხვედრას ყველა ფაკულტეტის დეკანიც ესწრებოდა. მათი თქმით, ღონისძიება უკვე მეორედ იმართება და ტრადიცია გახდა. შეხვედრაზე ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო კითხვის დასმა. საუბარი ისეთ აქტუალურ თემებს შეეხო, როგორებიცაა დასაქმების საკითხი, ინფრასტრუქტურის პრობლემები, დასაქმება, სტუდენტების ჩართულობის პრობლემები და ა.შ.
როგორც რექტორმა თქვა, იგი მაქსიმალურად ცდილობს, გადაწყვეტილებები დემოკრატიული პრინციპით მიიღოს.
"რექტორი ფეოდალი არ არის. იგი არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. პროცესების მართვა ხდება აკადემიური პერსონალის აქტიური მონაწილეობით. შესაბამისად, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად გზის არჩევა მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული" – აღნიშნა რექტორმა.
შეხვედრას 100–მდე სტუმარი ესწრებოდა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ლაბაძე ამ ინიციატივას დადებითად აფასებს.
"რა თქმა უნდა, მივესალმები ასეთ შეხვედრას. ვფიქრობ, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია პრობლემების აღმოსაფხვრელად. თუმცა, წელიწადში ერთხელ შეხვედრა საკმარისი არ არის. გარდა ამისა, უკეთესი იქნება, თუ მიმართულებების ხელმძღვანელებიც ცალკე შეხვდებიან სტუდენტებს და მათ მოსაზრებებს გაიზიარებენ" – აღნიშნა მან.
განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნესისა და ეკონიმიკის ფაკულტეტის სტუდენტს, რომელმაც ჩვენთან საუბარში სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა:
"მეცინება ასეთ შეხვედრაზე. უბრალოდ, აზრი არ აქვს. წლიდან წლამდე მხოლოდ ერთხელ იმართება. ყოველ წელს კი იგივე პრობლემები და დაპირებები მესმის. 22 ათასი სტუდენტიდან მხოლოდ 100 თუ იქნებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რომ უმეტეს ნაწილს პრობლემა არ აქვს? რა თქმა უნდა, არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეუსრულებელი დაპირებების მოსმენით დავიღალეთ".
მსგავსი შეხვედრა მომავალშიც გაიმართება.