საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
შეხვედრა "თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა. მას თსუ–ს რექტორიც დაესწრო. ვლადიმერ პაპავამ შეხვედრის მნიშვნელობა შეაფასა:
"ეროვნული ბანკი ის ინსტიტუტია, რომელიც ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას არეგულირებს. მოგეხსენებათ, ქვეყანაში დღესდღეობით რთული ვითარებაა. ამ მდგომარეობას მე პირადად კრიზისს ვერ ვუწოდებ. თუმცა, გვაქვს უამრავი პრობლემა, რომლებიც ეროვნულ ვალუტაზე მკაფიოდ აისახება. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ზედმიწევნით ანალიზს. აღნიშნულება ვითარება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ მეზობელ ქვეყნებზეც აისახება" – განაცხადა მან.
საუბრის მთავარ თემას ლარის კურსის ცვლილება წარმოადგენდა. მომხსენებელმა გაუფასურების მიზეზებზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის გზებზე ისაუბრა.
"თუ ქვეყანაში იმაზე მეტი ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის, მაშინ ეროვნული ვალუტა იაფდება. ეს არის ეკონომიკური მდგომარეობის ინდიკატორი. ძირითადად, ფული შემოდის ტურიზმის, უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო გზავნილების გზით. ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების შემცირებამ გამოიწვია ვალუტის მსყიდველობითი უნარის შემცირება ე.წ. "ეკონომიკური შოკი" – ასე განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის კურსის გაუფასურების პროცესი.
შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის 150-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა ილია მარჯანიძემ თქვა:
"მე ეკონომისტი არ ვარ. აქ იმ იმედით მოვედი, რომ გავრკვეულიყავი იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობას განაპირობებს. ბუნებრივია, ერთი ლექცია ამისთვის საკმარისი არ არის. თუმცა, ლარის კურსის ცვლილებების მიზეზებზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ მომავალი განვითარების გარანტი ევროპული დონის განათლების სისტემის დამყარებაა".