"46+1- ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს"
21 მარტი, 2015
"46+1- ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო აღნიშნავს.

მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით მსოფლიო გამოხატავს სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ. მსოფლიო პოზიტივს ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, მხარდამჭერი მსვლელობა ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით გაიმართა. 200-მდე ახალგაზრდა ფერადი ბუშტებით, ჭრელი წინდებით, შეძახილითა და პოზიტიური შეტყობინებებით 1 საათის განმავლობაში ცდილობდა საზოგადოებამდე მთავარი აზრის მიტანას, რომ დაუნის სინდრომი არ უნდა გახდეს ადამიანის გარიყვის, დამცირების ან რაიმე სახით დისკრიმინაციის მიზეზი. "46+1" ეს უბრალოდ ციფრებია და ქრომოსომების რაოდენობამ არ უნდა შეცვალოს ადამიანის გრძნობები დაუნის სინდრომით დაავადებულთა მიმართ. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ცნობების შემცველ ბუკლეტებს აქციის მონაწილეები მსვლელობის პარალელურად ქუჩაში გამვლელებს ურიგებდნენ. 

ერთი კვირის განმავლობაში ღონისძიებებს საკმაოდ მრავალფეროვანი საორგანიზაციო ჯგუფი ხელმძღვანელობდა. აქციაში ჩართული იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი", არასამთავრობო ორგანიზაცია "ივერიონი", საქართველოს პორტიჯის ასოციაცია და კავშირი "ჩვენი ბავშვები". მთავარ ორგანიზატორებს პარტნიორობას უწევდნენ მოხალისე ორგანიზაციებიც: "საქართველოს ლიბერალ-დემოკრატიული ცენტრი", "მოხალისე სტუდენტთა ასოციაცია", "ახალგაზრდა რესპუბლიკელები". 

"ახალგაზრდა რესპუბლიკელების" წევრ ნატა შაინიძის თქმით: " ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსგავს ტოლერანტობის გამომხატველ აქციებს, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოების ცნობიერების შეცვლისათვის, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანი არ უნდა გაირიყოს მხოლოდ ერთით მეტი ქრომოსომის არსებობის გამო, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებიც ისევე ჩვეულებრივად უნდა მივიღოთ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი".

"ერთი კვირის წინ, როდესაც გვქონდა შეხვედრა დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაუნის სინდრომის მატარებლები არიან, გვიხარია, რომ დღეს უამრავი ახალგაზრდა გაერთიანდა და ერთად ვცდილობთ, ამ პატარა ნაბიჯით შევუერთდეთ მსოფლიოს" - აღნიშნა "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" წარმომადგენელმა ლიკა ბეჟანაშვილმა.

მხარდამჭერი მსვლელობის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი მომღელები: მაგდა ვასაძე და "გუფი ლენდი", ნინა სუბლატი, ოთო ნემსაძე, ანი კეკუა და ა.შ. მომღერლებმა სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ და თიკა მახალდიანმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი ჰიმნი "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ" შეასრულეს, რომელსაც მაყურებლის ემოციური აპლოდისმენტები მოჰყვა. 

კონცერტის წამყვანმა სოფიო თავბერიძემ აღნიშნა: " ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართული მსოფლიო მარათონში, კვირეულის ფარგლებში მოეწყო დისკუსიები, საჯარო შეხვედრა, დღევანდელი მხარდამჭერი კონცერტიც წარმატებულად შედგა, ამისათვის მადლობა კონცერტის მონაწილე ყველა მუსიკოსსა და მომღერალს".
ხვალ 3 საათზე კვირეული იხურება ნახატების გამოფენით, რომელიც გაიმართება პრეზიდენტის რეზიდენციაში.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary